რუსეთმა საქართველოს ოკუპაციით, ხოლო შემდეგ კი მისი სეპარატისტული რეგიონების აღიარებით, დასავლეთი საგონებელში ჩააგდო. საყვედურების მიუხედავად, რუსეთი თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და ამის საფუძველიც აქვს. დღეს ისიც კი სანატრელი გაგვიხდა, რაც 7 აგვისტომდე გვქონდა.
ჯერ გაეროს რეზოლუციას ველოდით სულმოუთქმელად, შემდეგ, ეუთოს დამკვირვებლების შეფასებებს. ნატოს მინისტერიალამდე ხომ მთლად იმედებით ვიყავით აღვსილნი, მაგრამ ეს იმედები ბოლომდე ვერცერთმა რომ ვერ გაამართლა, მზერა ევროკავშირს მივაპყარით.
ქვეყნის ხელისუფალნი, ბოლო წუთებამდე ირწმუნებოდნენ, რომ დასავლეთი სანქციებში ჩაახჩობდა რუსეთს. საყვედურების ნიაღვარი მართლაც წამოვიდა, მაგრამ სანქციები? - ეს უკვე მეტისმეტია.
ჩვენმა დასავლელი მეგობრები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთს გონზე მოსასვლელად ახალი ვადა მისცეს. საქართველოს ხელისუფლება კი იმედგაცრუებულია. ეს გასაკვირიც არაა. ქვეყნის ზეტემპერამენტით აღვსილი ლიდერებითვის ბევრს არაფერს ნიშნავს ევროპელთა დახვეწილი ფრაზები, რომელთა შორის არსებული სტრიქონებს დასავლეთში სხვა ინტერპრეტაცია აქვს, ჩრდილოეთში მეორე, ხოლო საქართევლოში აბსოლუტურად განსხვავებული.
დასავლეთის მიმართ ერთგვარი გულგატეხილობა აშკარად შეიმჩნევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გულგატეხილობა იმ გადაჭარბებული მოლოდინების შედეგია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სუფევდა ქვეყანაში.
ჯერ ისიც კი არ ვივით, რა მოხდა სინამდვილეში. იმაზე ზედმეტია საუბარი საით მივდივართ ჩვენც და მსოფლიოც და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ხელისუფლება დუმს. ინფორმაციები დაწრეტილია და საღი აზრი ხშირად კულისებიდან ისმის.
ფაქტი ერთია - რუსეთი კვლავ საქართველოშია, დასავლეთი ღელავს, მაგრამ ხელფეხშეკრულია. რუსეთი? იგი დიდი ხანია ნიღაბჩამოხსნილია, თუმცა, არაფერს ნანობს. იმიტომ რომ, ზამთრის სეზონი ახლოვდება და ევროპა საფრთხეების თავიდან აცილებას ცდილობს.
ეს საფრთხე კი ენერგეტიკაა, უფრო სწორედ, უენერგეტიკობა, რომელიც რუსეთის პირველი და მთავარი კოზირია. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთს რუსულ გაზზე უარის თქმით შეუძლია რუსეთი დააზარალოს, მაგრამ თავად უფრო მეტად დაზარალდება.
-”რუსეთმა შესაძლოა, ერთი წელი აშიმშილოს საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ ევროპა თავს ამის უფლებას ვერ მისცემს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ევროპაში გაზი და შუქი გაითიშოს რა მოხდება. ჩვენგან განსხვავებით, მთელი ევროპა, თავისი ეკონომიკით, შესაძლოა, სტრესში ჩავარდეს. სანქციაზე რუსეთს ყოველთვის აქვს კონტრ-სანქცია და ამიტომ, ასე მარტივი არაა იგი ჩიხში მოიქციო”, - ამბობს ექსპერტი.
თუმცა ხუხაშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, ალბათ, ევროპაც იფიქრებს რუსეთის დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაზე, მაგრამ ეს დროს მოითხოვს, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს. მითუმეტეს, რომ დღეს ქვეყანა უამრავი საფრთხის წინაშე დგას და არავინ იცის რა მოხდება ხვალ.
პრაგმატიზმი
ამ ომს რუსეთ-საქართველოს ომი პირობითად ეწოდა. კავკასიაში ამერიკის გავლენის გაძლიერების არდასაშვებად რუსეთმა მარტივად წამოაგო საქართველო პროვოკაციაზე. ეს სიგნალი კარგად აღიქვა დასალეთმა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არავითარი სხვა რუსეთი არ არსებობს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, დასავლეთს სხვა გათვლები აქვს და იგი ჯერჯერობით, რუსეთის იზოლაციას არ გულისხმობს.
რუსეთი თავისთავად დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილია და გონიერი დასავლეთი არ დაუშვებს, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა, მისი მდიდარი რესურსებით არ იყოს მათი არეალის ნაწილი და სხვა კულტურული თუ ცივილიზაციის გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს წმინდა პრაგმატული მოასაზრებაა.
გარდა ამისა, რუსეთი უზარმაზარი ბირთვული არსენალის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ისეთივე პასუხისმგებლობა აკისრია საერთაშორისო გამოწვევების მიმართ, როგორიც შეერთებულ შტატებს. იგი ორგანულად არის ჩართული და ღრმად არის ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში.
-”როდესაც რუსეთის ენერგორესურსებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს, ეს ენერგია ყველაზე სტაბილური გზებით მიეწოდება ევროპას, რომელსაც არც ისე ბევრი ალტერნატივა აქვს. ალტერნატიული გზების მოსაპოვებლად კი უზარმაზარი სახსრებია საჭირო, მაგრამ ეს ალტერნატივა მაინც ისეთი ვერ იქნება, რომ სრულად ჩაანაცვლოს რუსეთის ენერგორესურსები”, - ამბობს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.
მისი განმარტებით, სწორედ ეს განაპირობებს რუსეთის ჩართულობას საერთაშორისო სტრუქტურებში. რუსეთთან ურთიერთობა შესანიშნავად ჩამოაყალიბა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც, როცა მან განაცხადა: ”ევროკავშირს სჭირდება რუსეთი და რუსეთს - ევროკავშირი.
-”ფაქტიურად ეს განაცხადი იყო იმის მანიშნებელი, რომ რუსეთი ჩართულია ამ საერთაშორისო თამაშებში და მისი ეს ჩართულობა ერთგვარად გამაწონასწორებელია მისი ამბიციებისა. ამიტომ, რა გონიერება იქნება ასეთი დიდი ქვეყანა მოაქციო იზოლაციაში? რა, ამით, რუსეთი შეწყვეტს არსებობას?”
”მე არ ველოდი, რომ ევროკავშირი რადიკალური გადაწყვეტილებებს მიიღებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეს მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტიდან იქნებოდა ამოვარდნილი. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე განვაცხადე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მოლოდინები გადაჭარბებული იქნებოდა. სანქციები შეიძლება დაუწესდეს პატარა ქვეყანას. მაგრამ, როცა საუბარია მსოფლიო სტაბილურობის და მსოფლიო წესრიგის შემადგენელი მსხვილ ერთეულზე, აქ სანქციები ნაკლებად ეფექტურია”, - ამბობს გიორხელიძე.
მოლოდინები და სურვილები
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოში იმაზეც აქტიურად დაიწყო საუბრები, რომ ამ აღიარებებით თავად რუსეთს შეექმნებოდა საფრთხეები. თუმცა, ექსტრემალურ სიტუაციაში რუსეთმა არაერთგზის (ჯერ ჩეჩნეთი და ახლა საქართველო) აჩვენა, რომ მისი მოქმედებები არასოდეს ექვემდებარება ლოგიკას და პატარა ქვეყნებისთვის გამანადგურებელი ეფექტის მოტანა შეუძლია.
-”ასეთი განცხადებები არასერიოზულია, რადგან რუსეთი შეიძლება დიდი ომის შედეგად დაიშალოს. მაგრამ, საქართველო რა სარგებლობას ნახავს ამისგან? ეს ომი თუ ჩვენს საზღვრებთან იქნება და ამ დაძაბულობის ეპიცენტრში ვიქნებით, მაშინ, ჩვენ კიდევ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე აღმოვჩნდებით,” -ამბობს დემურ გიორხელიძე.
მოკლედ, ჩვენი სურვილები - რუსეთი იზოლირებული და დაშლილი ვიხილოთ, სულ უფრო სცილდება რეალობას. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩაკეტილობით რუსეთი არ შეწყვეტს არსებობას და იზოლაციის შემთხვევაშიც კი, საკმაოდ დიდი რესურსი აქვს საკუთარი თავის მისახედად. ეს შესანიშნავად ესმით დასავლეთშიც და თვლიან, რომ რუსეთის იზოლაციით, არა თუ რუსეთს, არამედ საფრთხე თავად საერთაშორისო სტაბილურობას შეექმნება.
ერთი შეხედვით, ყველა ეს არგუმენტი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი არა თუ არ დათმობს, კიდევ უფრო წაქეზებული იქნება და საქართველოს შემდეგ, შესაძლოა, სხვა ქვეყნების ჯერიც დადგეს. თუმცა, არსებობს სხვა რეალობაც, რომელიც შემაკავებელი უნდა გახდეს რუსეთის ზღვარგადასული ქმედებებისა.
ევროკავშირმა გაფრთხილება უკვე მისცა რუსეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არც-ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო სტაბილურობას.
სხდომაზე რუსეთი მკაცრად იქნა გაფრთხილებული, რომ თუ იგი არ შეასრულებს ექვსპუნქტიან ხელშეკრულებას, ევროკავშირი უარს ამბობს მასთან სტრატეგიული კავშირის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ეს კი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა და ბუნებრივია, რუსეთი არც თავად უნდა იყოს დაინტერესებული ევროპასთან ცუდი ურთიერთობებით. ევროკავშირი კი ნოემბრამდე დააკვირდება რუსეთის მოქმედებებს და ალბათ, შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
- ”რუსეთი უნდა წავიდეს დათმობებზე. გაფუჭებული საქმის გამოსწორება ერთი ხელის დარტყმით არ ხდება. ევროკავშირი და ამერიკაც იმუშავებენ რუსებთან. აქ იქნება არა მხოლოდ გაცხადებული ურთიერთობები, არამედ სხვა არხებით და სხვა დიპლომატიური გზებით დამყარდება ურთიერთობები და გარკვეული შეთანხმებებისა და კომპრომისების მიღწევას შეძლებენ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოხდა იმ საშინელების გასწორება ერთ დღეში არ მოხდება და ევროკავშირმა შემთხვევით არ დანიშნა ეს ვადა”, - ამბობს გიორხელიძე.
მეტოქეები და მოკავშირეები
ევროპოისგან განსხვავებით, ამერიკა გაცილებით მკაცრი და რადიკალური იყო რუსეთის მიმართ. თუმცა, მიამიტობა იქნება იმის დაჯერება, რომ ეს უკანასკნელი მართლაც ისწრაფვოდეს რუსეთის იზოლაციისაკენ.
-”ამერიკა პრაგმატული ქვეყანაა და ილუზიებს ნუ მივეცემით. რუსეთი და ამერიკა სერიოზული მოკავშირეობისთვის არიან განწირულნი. თუმცა, ამისათვის საჭიროა, რომ რუსეთი გაწონასწორებული თამაშის წესებს ექვემდებარებოდეს და არ ჰქონდეს ისეთი ამბიციები, რომელიც საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, რუსეთის, ან რომელიმე დიდი სახელმწიფოს იგნორირება სრულიად გამორიცხულია,”- ფიქრობს გიორხელიძე.
უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ არა თუ ამერიკა, ამ საერთაშორისო წესრიგში კიდევ უფრო მჭიდროდ იქნებიან ინტეგრირებული ჩინეთი, ინდოეთი. ჯერჯერობით, ისინი ინერციის გამო დარჩნენ ამ ინტეგრაციის მიღმა, მაგრამ დრო დროა და იგი თავისას მოითხოვს.
დემურ გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ დღეს მსოფლიოში რეალურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე ეს ერთი წლის წინათ იყო. ამ მოვლენების შემდეგ კი ფორმულირებაც სხვაგვარი იქნება. ყველა ეს სახელმწიფოები, მრავალი წლის განმავლობაში, ალბათ, როგორც ერთმანეთის მეტოქეები, ისე ერთმანეთის მოკავშირეები და ერთმანეთის ოპონენტები იქნებიან.
საქართველოს კი ისღა დარჩენია, რომ თავისი სტრატეგიული მოკავშირეების მეშვეობით დაალაგოს ურთიერთობები თავის მოსისხლე მტერთან. -”თუ ვიქნებით უფრო პრაგმატულები და რაციონალურები, ალბათ, არც რომელიმე მტრულ ბანაკში აღმოვჩნდეთ”, - ამბობს გიორხელიძე.
რაც შეეხებათ დიდ სახელმწიფოებს, მათ ყოველთვის აქვთ ამბიციები. ეს ამბიციები კი, იმის მიუხედავად, სწორია თუ არა, ადრე თუ გვიან ბალანსირდება. ექსპერტები აუცილებლად თვლიან, რომ საქართველო კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოექცეს, რათა მარტო არ დარჩეს. ნატო ყოველთვის იყო რუსეთის მთავარი გამღიზიანებელი. ამიტომ, გიორხელიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ყველაფრის კონცეპტუალურად გააზრება მართებს.
საქართველომ კი, როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, რუსეთისთვის მუდმივად ნიღბის ხდას თავი უნდა დაანებოს.
- ”ეს არის სასტიკი ბრძოლა და ჩვენ რომ გამოვიკვეთოთ ამ ენერგეტიკულ ომში, როგორც მსოფლიო ეპიცენტრი, ეს არ არის ბრძნული პოლიტიკა”.
სხვათა შორის, საქართველოს რუსეთის დაუფიქრებელმა და მოუზომელმა პოლიტიკამ შეუმსუბუქა მდგომარეობა, თორემ დასავლეთში საქართველოს მიმართ კრიტიკაც მრავალჯერ გაისმა. ჯერ იმის დრო არ დამდგარა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, მაგრამ ეს დროც მალე დადგება და გამორიცხული არაა, ამან ქვეყანაში ახალ პროცესებს მისცეს ბიძგი. მინიშნებები უკვე კეთდება.
როგორც დემურ გიორხელიძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ, ყველა რესურსი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული და არა ვიღაცის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვისათვის.