საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე ევროკავშირმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა შეაჩერა. ამგვარი დოკუმენტის მიღებით დასრულდა ევროკავშირის სამიტი, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთისადმი კვლავაც განსაკუთრებულად კრიტიკულნი იყვნენ.
რამდენად დააკმაყოფილა ევროკავშირის სხდომამ საქართველოს მოლოდინი და რას უნდა დაელოდოს სასტიკი აგრესორის წინაშე პირისპირ დარჩენილი ქვეყანა, რომელსაც ევროპული დიპლომატიის მოლოდინი აქვს? ამაზე ქართველი ექსპერტების ნაწილი თავშეკავებულ პროგნოზებს აკეთებს. მეორე ნაწილი კი, საერთოდ, დუმილს ამჯობინებს და საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად მოვლენების განვითარებას ელოდება, რომელიც მათივე აზრით, საქართველოსთვის კატასტროფული უნდა იყოს. ”ფაქტის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე პასუხობს.
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ინტერვენცია, მსოფლიოს მთავარ საკითხად იქცა, მაგრამ რუსეთი არც ამერიკის და არც - ევროპის მკაცრ მითითებებს ყურადღებას არ აქცევს. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთს მართლა აქვს საფუძველი, მსოფლიო ცივილიზაციისადმი გულგრილი იყოს?
- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯიუტად აცხადებს, თითქოს არაფრის არ ეშინია, ფაქტი ფაქტად რჩება: ამჟამინდელი პოზიცია მას გამარჯვებისკენ ვერ წაიყვანს. რუსეთის ხელმძღვანელობას უკანდასახევი გზა არ აქვს და გაუწონასწორებლად გადადგმულ ნაბიჯებს ასე ადვილად თავადაც ვერ გამოასწორებს. რუსეთის დე იურე პრეზიდენტს საკუთარი სახელმწიფოს სამხედრო გენერალიტეტის წინააღმდეგ წასვლა გაუჭირდება.
ბოლო დროს, რუსეთის ქმედებების გამო, ქვეყნიდან გასული ინვესტიციები და ევროპის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური სანქციები, რომლის შედეგებსაც ჯერ ვერ ვამჩნევთ, ძალიან მალე გამოაშკარავდება. თუ ამ კუთხით შევხედავთ მომავალს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს სავალალო მომავალი ელოდება. თუ დიდი ბრიტანეთი მოახერხებს და, ანტირუსული კოალიციის სახით, მთელ დასავლეთს დაუპირისპირებს, მაშინ ეს ტოტალური აგრესორი სახელმწიფო ძალიან სერიოზულ ბლოკადაში მოექცევა.
რუსეთის ოფიციოზის მხრიდან უკვე არაერთხელ გაცხადდა, რომ ეკონომიკური სანქციების არ ეშინია, თანაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა თავად არის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული. ბატონო მამუკა, არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამის გამო ევროპა რუსეთის წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს?
- ესეც რუსეთის მორიგი ჭკუასმოკლებული განცხადებაა. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი ისე დაიწყო, ტექნოლოგიურად არც ეკონომიკის და არც სამხედრო ძალების რეფორმირება არ ჰქონდა დასრულებული. სწორედ ამიტომ, რუსეთს მალე უამრავი მიმართულებით სერიზული პრობლემები შეექმნება. რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეწყვეტით ემუქრება, მაგრამ კრელმა საკუთარი რესურსები აზიის დიდი ქვეყნებისკენ რომ გადამისამართოს, მისი ვერგაყიდვის რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. სიმძლავრეები, რითაც აღნიშნული რესურსების მიმართულების შეცვლა უნდა მოხდეს, რუსეთის სისტემა ჯერ საამისოდ გამართული არ არის. ამასთან, არც აზიის ქვეყნებია იმდენი გაზისა და ნავთობის შემსყიდველი, რამდენსაც ევროპა მოიხმარს.
სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების სანაცვლოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მომავალი, რომელიც პრაქტიკულად, იმედის საფუძველს აღარ იძლევა?
- ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში სერიოზული წინააღმდეგობები არსებობდა, რადგან პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდი ჯგუფი სეპარატისული რეგიონების აღიარებას ეწინააღმდეგებოდა. ამის ერთ-ერთ არგუმენტად სახელდებოდა ის, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო რუსეთისთვის ერთადერთი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ამუხრუჭებდა. ახლა ეს ბერკეტი რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი ხელით მოისპო...
ანუ, გინდათ თქვათ, რომ რუსეთის ინტერვეციამ და მისმა შემდგომმა ნაბიჯებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ტემპი დააჩქარა?
- არ ვიცი, რას გულისხმობენ ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებაში, რადგან ცნობილია, რომ მეპ-ის მიღება დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. ჯერ-ჯერობით არც ნატოს და არც ევროკავშირს არ დაუსახელებია დრო, როცა საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. კარგი იქნებოდა, საქართველო მალე გაწევრიანებულიყო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ მოვლენები ყოველთვის ჩვენთვის სასურველად არ ვითარდება. ამ ეტაპზე ნამდვილად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანში გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში.
რეალური სურათი, სამწუხაროდ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი იმაზე მეტად განიმტკიცა, ვიდრე ომის გაჩაღებამდე ჰქონდა. არსებობს თუ არა მექანიზმი, რომ კონფლიქტურ ზონებზე, სამშვიდობო მანდატის შეცვლამდე, საქართველომ რაიმე ზემოქმედება მოახერხოს?
- დიახ, რუსეთი ჯერ-ჯერობით აკონტროლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნებას მოახერხებს. ავტონომიების შიგნით ყველაფერი ისე არ არის, როგორც შეიძლება თავად რუსეთის ხელისუფლებას სურს. ერთ-ერთი საფრთხეთაგანი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას სეპარატისტული რეგიონების აღიარებამდე უნდა გაეთვალისწინებინა, სწორედ ოსეთს უკავშირდება. მომავალში სამხრეთ ოსეთი რუსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებას მოსთხოვს და სრულიად რეალურია, რომ თავად რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი სეპარატიზმის კერა გაჩნდეს.
ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს წინაშე ორხელისუფლებიანი რუსეთი დგას და ამას ვერც რუსული პოლიტელიტა მალავს. თქვენი აზრით, რამდენად იმოქმედებს აღნიშნული ფაქტორი საქართველოს მომავალზე?
- ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ყველაფერს პუტინი წყვეტს, თუმცა პასუხისმგებლობა მოქმედ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ეკისრება. დიდი დაკვირვება არ სჭირდება, რომ ამ უკანასკნელს, მსგავსი პოლიტიკა არანაირად არ სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მედვედევმა შემსრულებლის ფუნქცია თავად იკისრა.
ცნობილია ისიც, რომ საქართველოში ჯარების შემოყვანის გამო, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სერიოზულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედვედევი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. რამდენ ხანს აიტანს მედვედევი ფორმალურ პრეზიდენტობას, უცნობია. რა იქნება არაპროგნოზირებადი რუსეთის შემდეგი ნაბიჯები და აქედან გამომდინარე, როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელად სავარაუდოა.