ინგუშეთში მიტინგის დაშლის შედეგად არიან დაჭრილები. ამის შესახებ “ეხო მოსკვის” ნაზრანში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მუჰამედ ხაზიბიევმა აცნობა.
“ჩვენ ვაპირებთ, კვლავაც გავაგრძელოთ მიტინგები, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვაროს სისხლი”, _ განაცხადა მუჰამედ ხაზბიევმა.
თავის მხრივ, ინგუშეთის პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ არც ერთი საჩივარი არ მიუღიათ.
როგორც ცნობილია, მიტინგი, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა დილით ხელკეტების გამოყენებითა და “ჰაერში გასროლით” დაშალეს, ოპოზიციური ინტერნეტსაიტის “ინგუშეთია.რუ”-ს მფლობელის მუჰამედ ევლოევის მკვლელობის გამო მოეწყო. მისი მონაწილეები მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ.
ოფიციალური ვერსიის თანახმად, კვირას ევლოევი ინგუშეთის შსს თანამშრომლის მიერ შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ოპოზიცია კი მკვლელობას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ აღნიშნულმა საიტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ინგუშეთის პარლამენტში რუსეთიდან გამოყოფის თაობაზე ხელმოწერების შეგროვების თაობაზე.