ოთხშაბათი, 24.04.2024, 16:38
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 4 » თურქეთი - რუსეთის მორიგი მსხვერპლი
თურქეთი - რუსეთის მორიგი მსხვერპლი
17:07
პოლიტიკოსებიცა და ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესია ევროპისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების ალტერნატიული წყაროების გაჩენამ გამოიწვია. თუმცა იქამდე, ვიდრე ეს პროექტები რეალობად იქცევა, რუსეთს მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობის საშუალება აქვს. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მუქარის მიუხედავად, იაპონიაში დიდი რვიანის შეხვედრაზე რუსეთის მონაწილეობის საკითხი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.

მართალია, სამიტზე ევროპამ რუსეთს გამოსაცდელი ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ თუ საქართველოსთან ექვსპუნქტიან შეთანხმებას არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ სანქციებზე იფიქრებს, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთი დათმობას არ აპირებს და ვიდრე ევროპა მისთვის სანქციებს მოიფიქრებს, არაოფიციალურ სადამსჯელო ღონისძიებებს თავად მიმართავს. სამიტის მეორე დღესვე, რუსეთმა გერმანიასა და პოლონეთს სიურპრიზი მოუმზადა და იამალ-ევროპის გაზსადენის რემონტი წამოიწყო.

გაზის მიწოდება გერმანიასა და პოლონეთს 4 სექტემბრამდე შეუწყდება. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაც იყოს, მაგრამ მსოფლიომ შესანიშნავად იცის, რომ რუსეთისთვის მსგავსი შემთხვევითობები არ არსებობს. ორდღიანი ენერგოკრიზისი კიდევ ერთხელ აგრძნობინებს აღმოსავლეთ ევროპას, რომ იგი რუსეთზეა დამოკიდებული და ვიდრე მის მიმართ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს, ჯერ შედეგებზე უნდა დაფიქრდეს.

მართალია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამიტის წინა დღეს აცხადებდა, რომ ევროპამ რუსეთს მის წინააღმდეგ “ენერგეტიკული მარყუჟის” გამოყენების საშუალება არ უნდა მისცეს. ნატო-მ და ევროკავშირმა კი კრემლთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ. თუმცა, ფაქტია, რომ ევროპა დიდი ხანია, მართლაც ენერგომარყუჟშია მოქცეული, საიდანაც თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. “მე ასევე, ვეცდები ევროპელი ლიდერების დარწმუნებას, რომ გაიზარდოს იმ პროექტის დაფინანსება, რომელიც ჩვენ ენერგომატარებლების წამოღების შესაძლებლობას მოგვცემს კასპიის ზღვიდან და ამით რუსეთზე დამოკიდებულებას შევამცირებთ”, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

თურქეთი - რუსეთის მორიგი მსხვერპლი
გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია თურქეთი. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ანალიზის მიხედვით, ნატო-ს წევრი თურქეთი ცდილობს, ფრთხილი პოზიცია დაიკავოს ისე, რომ არც მისი ნატოელი პარტნიორები გააღიზიანოს და არც რუსეთი, რომელიც თურქეთის მთავარი პარტნიორია საგარეო ვაჭრობაში. ცივი ომის პერიოდში, თურქეთი ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინაღობას საბჭოთა კავშირის საზღვართან. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი თურქეთის მთავარ პარტნიორად იქცა ვაჭრობაში. ამას გარდა, თურქეთი რუსეთიდან იღებს ენერგორესურსების უმეტესობას.

Eurasia Group-ის ანალიტიკოსის, ვოლფანგო პიჩოლი: “არსებული დაძაბულობა რეგიონში თურქეთს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან იგი როგორც რუსეთის, ასევე, მისი ნატო-ელი პარტნიორების ზეწოლის ქვეშაა. თურქეთი კვლავაც ფრონტის წინა ხაზზე მდგომ სახელმწიფოდ გადაიქცა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო”.

ანალიტიკოსთა აზრით, თურქეთი შიშობს, რომ რუსეთთან ურთიერთობები უკვე უფუჭდება, რაც სავაჭრო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, წლიურად, 38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, რაც თურქეთი ენერგორესურსების მიღებისა და გატარების ალტერნატიულ პროექტებს დათანხმდა. როგორც ჩანს, აგვისტოს დასაწყისში არც ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის თურქეთის მონაკვეთზე აფეთქება ყოფილა შემთხვევითი.

თურქეთი ცდილობს, რუსეთი მასშტაბური პროექტებიდან არ ამოაგდოს და ამით კიდევ ერთხელ არ განარისხოს. იგი თანახმაა, აზიის ნავთობპროდუქტები ევროპას ნოვოროსიისკის გავლით მიაწოდოს. თუმცა, რუსეთი ასეთ ანკესებს არ ეგება. მან უკვე დაიწყო თურქეთთან ურთიერთობების გარკვევა.

“როიტერის” ცნობით, ანკარამ უკვე მიმართა მოსკოვს პროტესტით, რომ 10 000 თურქული ტრაილერი რუსეთის სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დგას. რუსეთი იმიზეზებს, რომ ტრაილერების შემოწმებით გამოწვეული შეფერხება რუსეთში ახალი საბაჟო წესების ამოქმედებამ გამოიწვია. თუმცა, თურქეთი ეჭვობს, რომ რეალურად შეიძლება, სხვა მიზეზი არსებობდეს.

თურქი ბიზნესმენები შიშობენ, რომ თუ შეფერხება კვლავაც გაგრძელდა, მოკლევადიანი ზარალი, შესაძლოა, 3 მილიარდ დოლარამდე ავიდეს.

ვოლფანგო პიჩოლი: ”საქართველოში კრიზისის დაწყების შემდეგ, თურქეთი ცდილობს, არ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები. უფრო მეტიც, ანკარას არ დაუგმია რუსეთის ქმედებები, როგორც ეს დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა გააკეთეს. თუმცა ნატო-სა და აშშ-ს, შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ, ანკარამ უფრო მკვეთრი პოზიცია დაიკავოს. მაგრამ ეს თურქეთისთვის რთული გასაკეთებელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ანკარას რუსეთზე დამოკიდებულებას გაზისა და ქვანახშირის იმპორტის კუთხით”.

შარშან თურქეთმა იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის 60% და ქვანახშირის 56,4% რუსეთისგან შეიძინა და თურქეთს, ამ კუთხით, პრობლემა შეექმნება, შესაძლოა, ძლიერ დააზარალოს ქვეყანა, განსაკუთრებით ზამთარში.

შემთხვევითი არც ის არის, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კავკასიაში ახალი სამშვიდობო პლატფორმის შექმანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ბაქოში მართავს.

“სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს. თურქეთი რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით არის დაინტერესებული”, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს, ბაქოში გამგზავრებამდე.

სავარაუდოდ, კავკასიაში სიმშვიდის გარდა, საუბარი აზერბაიჯანული გაზის იმ მარაგსაც შეეხება, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსულმა “გაზპრომმა” და თურქეთმა ვერ გაიყვეს. სწორედ ენერგორესურსების გამო, როგორც ჩანს, რუსეთის ახალი სამიზნე ახლა უკვე თურქეთია. რუსეთის სცენარი იგივეა - ომს ემბარგოს დაწესებით იწყებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან თურქეთმა რუსული პროდუქციის წინააღმდეგ ემბარგო დააწესა. თურქეთმა ეს ნაბიჯი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ მიიღო, რომელმაც, თავის მხრივ, თურქულ პროდუქციაზე ემბარგო უკვე შემოიღო.

ცნობილია, რომ რუსეთმა თურქული პროდუქციის ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანა არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც აკრძალა. თურქეთის სახელმწიფო მინისტრ გიურსად ტუზმენის განცხადებით, ამ აკრძალვებით ორივე ქვეყანა ზარალდება: ,,რუსეთის ეს გადაწყვეტილება კანონიერი არ არის. ჩვენი მოქმედება საპასუხო ზომაა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც თურქეთში რუსული პროდუქციის შეტანის აკრძალვას გულისხმობს”.

ირანი, ურანი და რუსეთ-ამერიკა
ევროპის მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთი, ჯერჯერობით, არაფერს თმობს. ამერიკის მონდომებაც, როგორც ჩანს, მრავალი მიზეზის გამო, ასე იოლად განსახორციელებელი არ არის. თუმცა, ალბათ, მსოფლიო გრძნობს, რუსეთის ნებაზე მიშვება რამხელა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა, რომ შესაძლოა, გადახედოს რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ბირთვული საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ავსტრალია მსოფლიოში არსებული გამდიდრებული ურანის მარაგების 40 პროცენტს ფლობს და გამდიდრებული ურანით მსოფლიოს 36 ქვეყანასთან ვაჭრობს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტივენ სმიტის განცხადებით, დოკუმენტის რატიფიცირებისას, ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებს. არ არის გამორიცხული, რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვიოს და ურანი იარაღის დასამზადებლად გამოიყენოს - მიიჩნევს ავსტრალიის ხელისუფლება.

შეთანხმების მიხედვით, იკრძალება გამდიდრებული ურანის იარაღის დასამზადებლად გამოყენება, სხვა ქვეყნისთვის მიწოდება და ა.შ. შესაძლოა, ავსტრალია შიშობს, რომ რუსეთი გამდიდრებულ ურანს ირანში შეიტანს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალიტიკოსთა აზრით, დღეს მთელი მსოფლიო ირანის ირგვლივ ბრუნავს და მსოფლიოში არსებული დისონანსის დიდი წილი სწორედ, ამ ქვეყანაზე მოდის, საკმაოდ საინტერესოა ირანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენადაც კავკასია ირანის მეზობელი რეგიონია, თეირანის მთავრობა გულგრილი ვერ იქნება იქ მიმდინარე პროცესების მიმართ. თუმცა, ირანის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარე ძალების მოქმედებები კრიზისის გართულებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ირანი-საქართველოს ურთიერთობას, ირანი აცხადებს, რომ ჰუმანური და კეთილმეზობლური პრინციპებიდან გამომდინარე, ირანმა დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ენერგოკრიზისის დროს. რუსეთ-საქართველოს ომში ირანმა რუსეთის მხარდაჭერა უარყო, თუმცა მსოფლიო ანალიტიკოსთა მოსაზრებით, მსოფლიო ერთმანეთს ირანის მარაგების გამო დაუპირისპირდა და საქართველო სწორედ მსოფლიო პოლიტიკას შეეწირა.

 

Просмотров: 749 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz