ამერიკიდან 30 სექტემბერს დაბრუნებული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ში მისი სტუმრობა, (ისევე, როგორც ბურჯანაძე-ბარამიძე-მაჭავარიანის) კონკრეტულად დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დასწრება, 3-4 თვითადრე იყო დაგეგმილი და ეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და აქ ხელისუფლების შეცვლას არ უკავშირდება, მაგრამ შეხვედრები, როგორც ამერიკელი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატთა ნბარაკ ობამასთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან, რუსეთ-საქართველოს ომმა დიდწილად განაპირობა.
ქართულ პრესას პირველი ვრცელი ინტერვიუ, როგორც აშშ-შისტუმრობის დეტალებზე, ასევე ჩვენს ქვეყანაში შექმნილიმდგომარეობის შეფასებაზე, დავით უსუფაშვილმა ”რეზონანსს” მისცა.
როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება, აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ? - ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ს პოლიტიკა იქნება - გაცილებით უფრო ეფექტური, ღრმა ანალიზზე დაფუძნებული, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ორიენტირებული, მედიის, სასამართლოს და არჩევნების თავისუფლებაზე დაფუძნებული.
ანუ, აქამდე ჩატარებული არჩევნების მსგავსის განმეორების შემთხვევაში, აღარ იტყვიან, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები? - მგონია, რომ საქართვლეოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, დემოკრატების სტანდარტი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღემდე იყო. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მაკკეინის გამარჯვების შემთხვევაში რაიმე სხვაგვარად იქნება. უბრალოდ, მე ეს არ ვიცი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მაკეეინის პრეზიდენტობის შემთხვევაში, ქართველი ხალხისთვის საქმე აუცილებლად ცუდად იქნება.
არის თუ არა კრიტიკული საუბრები ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში, თუ დემოკრატებიც იგივეს ამბობენ, რასაც ბუშის ადმინისტრაცია? - როდესაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და კონფლიქტზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მე არ შემხვედრია ამერიკელი, რომელიც თვლის, რომ საქართველო არის რაიმეში დამნაშავე, ან რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება საქართველოს ბრალია.
რაც შეეხება საქართველოს შიდა თემებსა და პრობლემებს, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, მათი პოზიციაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების მართლაც სრულფასოვანი წევრი, მაგრამ საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი.
დემოკრატების ძალიან სერიოზულმა ლიდერებმა წამოჭრეს ასეთი საკითხი, რომ ქვეყანაში ყველაზე უფრო პოპულარული თუ ყურებადი ტელეარხი, როგორ შეიძლება ეკუთვნოდეს ვიღაცას, ვისი სახელიც ხალხმა არ იცის; ეს ხომ დემოკრატიული პრინციპებისთვის სრულიად შეუფერებელი და გაუგებარი ამბავია?! საუბარია ”რუსთავი 2”-ს მფლობელებზე.
მათთვის ასევე გაუგებარიდა წარმოუდგენელია პარლამენტში ვინმეს მიერ ოთხი მეხუთედის უმრავლესობით მოსვლა, რადგან, ძალიან კარგად იციან, რომ რაც არ უნდა პოპულარული იყოს რომელიმე პარტია, თუ პოლიტიკური ლიდერი, საზოგადოებაში, რომელიც თავისუფალია, აუცილებლად არსებობს სხვა აზრებიც და ეს აზრები ასახულია პოლიტიკურ პარტიებში და შემდეგ არჩევნებში აისახება.
ასე რომ, ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე ძალიან სერიოზული საუბრებია, მაგრამ დღეს არავის უნდა, ამ თემების წამოწევით პუტინი და მედვედევი ახეირონ. ამიტომ, აი, ამ აგრესიის შეჩერების დაგარკვეული სტაბილურობის მიღწევამდე, პოლიტიკოსებიდან სერიოზულიკრიტიკა მოსალოდნელი არ არის, თორემ დასავლურ ჟურნალ-გაზეთებში ძალიან მწვავე სტატიები იწერება.
დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილმა ხაფანგში შეაბიჯა.
რატომ? - რამდენიმე ტიპის ახსნა არსებობს. ამ წუთში ტიპოლოგიების და შესაძლო ვერსიების აღწერისგან თავს შევიკავებ. შემიძლია პირველად თქვენ გითხრათ დღეისთვის, რა მოსაზრება მაქვს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით - მე მგონია, რომ სააკაშვილი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა (კონკრეტულად ვინმეზე ეჭვი ამ წუთში ვერ მექნება) დაახლოებით ასეთი სქემით - რუსები ცხინვალის დასათმობად მზად იყვნენ, თუ სანაცვლოდ აფხაზეთის მიმართულებით ჩვენი აქტივობა შეჩერდებოდა. მე ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ასეთ ყულფში თავი შეყო, თუკი ვიღაცის მხრიდან გარანტია არ გაქვს, რომ რუსი როკის გვირაბს არ გადმოლახავს.
სააკაშვილის შეცდომაში შემყვანაში ხელისუფლების შიგნით გულისხმობთ ვინმეს, თუ გარე ძალას? - როდესაც საუბარია რუსეთის აგენტებზე და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პირებზე, ასეთი ხალხი გაცილებით მეტი უნდა ვეძებოთ ხელისუფლების წრეებში, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებში, როგორც ამას ხელისუფლება ხშირად აკეთებდა. შეგახსენებთ, შარშან ნოემბრის ამბების დროს რა ამბავი ატყდა, რომ რუსებს ოპოზიციურ პარტიებში ამდენი აგენტები ჰყოლიათ.
ვთქვათ დ,ა ხელისუფლება მართალი იყო, მაშინ რუსეთი და მისი სპეცსამსახურები, რომლებსაც თურმე შეუძლიათ ოპოზიციურ პარტიებში პრაქტიკულად ყველას მოსყიდვა, რესპუბლიკელების გადაბირებაც კი (ამ შემთხვევაში თავმდაბალი არ ვიქნები და ყველას შევახსენებ ჩვენი პარტიის და იმ ადამიანებს წარსულს საბჭოთა პერიოდში, ვის აგენტობაზეც საუბრობდნენ), მაშინ რატომ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ სახელისუფლებო წრეებში ეს შეუძლებელია?! მაშინ, როდესაც მათგან არაერთხელ გაგვიგია, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საინტერესო მიდგომები მაგალითად, გაზსადენთან დაკავშირებით, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ეს რუსის იქნება თუ ჩვენი?! ავდგეთ და გავყიდოთ, რა პრობლემაა?!
მაშინ, როდესაც რუსული კაპიტალიშემოდიოდა და იპყრობდა ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს - ენერგოობიექტებს, პორტებს და ყველაფერს და ამაზე ამბობდნენ, ”მერე რა მოხდა?!”. ანუ, რუსეთი ერთი მხრივ ასეთი დიდი მტერი იყო და მეორეს მხრივ სხვა საკითხებში მისაღები პარტნიორი.
ძალიან რომ არ გავაგრძელოთ, დღევანდელი გასდახედიდან ჩემი ახსნა ასეთია - სწორედ სახელისუფლებო წრეებში არსებულმა ხალხმა, იმ ადამიანებმა, ვისიც სააკაშვილს სჯერა, შეიძლება მათ ოფიციალური თანამდებობები არ უკავიათ, მაგრამ...
ბიძამისს - თემურ ალასანიას ხომ არ გულისხმობთ? - მე არ ვიგულისხმებდი ვინმე კონკრეტულს და არ გამოვრიცხავდი არავის, ვისაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილზე გავლენა აქვს და ვის აზრსაც სააკაშვილი ანგარიშს უწევს. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ნათესავი, ხელისუფლების წევრი, ვინც გნებავთ. კიდევ ვიმეორებ - სხვანაირად მე ვერ ვხსნი მის მოქმედებებს, მის ლოგიკას და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას უნდოდა მიეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. ე.ი. მას ვიღაცამ ეს ურჩია და ცხოვრებაში მისი პრობლემაც ეგაა - ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ის ენდობა და უჯერებს ან ისეთ ხალხს, ვისი ნდობა და რჩევაც უბრალოდ შეუძლებელია, ან დგამს ძალიან გაუაზრებელ და ემოციურ ნაბიჯებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ესა ამისი პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ვიღაცეების სისხლის სამართლებრივიპასუხისმგებლობის საკითხი და ამის დრო აუცილებლად მოვა, რადგან ქვეყანამ დღევანდელი მდგომარეობით უკვე განიცადა წარმოუდგენელი ზარალი - ადამიანური დანაკარგები, მორალური, ფინანსური, მატერიალური, სამომავლო, ბიზნესის განვითარება. ამ დანაკარგებში რაღაცეები სამუდამოდაა დაკარგული.
მორატორიუმს რესპუბლიკელებიც 8 სექტემბერს დაარღვევთ? - მოვლენათა განვითარების კვალობაზე, ჩვენ უფრო და უფრო მეტ თემებზე ვსაუბრობთ და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა, მკითხველს ერთი რამ აბსოლუტურად გულწრფელად ვუთხრა, რომ დღეს ჯერ კიდევ და ალბათ, უახლოეს ხანებში, ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი თითოეული ჩვენგანისთვის და ქვეყნისთვის უარესი იქნება. რაც შეეხება ხელისუფლებისთვის კითხვების დასმას, ფაქტების გამომზეურებას, რაც შეიძლება მეტი სიმართლის თქმას, ამის დრო უკვე არის და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტად იქნება, რადგან არ უნდა გავაიგივოთ ეს ორი თემა ერთმანეთთან, რომ როგორც კი მე ვიღაცეების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვი, ეს არ უნდა გადაითარგმნოს ისე, რომ ე.ი. ხელისუფლება უნდა გადავაყენოთ. იმ ვითარებაში, რაშიც აღმოვჩნდით, ეს საქმე ასე მარტივად არ გვარდება.
ჩვენ საერთაშორისო თანადგომა გვჭირდება და საქართველო ასეთ თანადგომას ვერ მიიღებს, თუ რუსთაველზე ქაოსი და არეულობა იქნება. დღეს სახელმწიფო ვიღაცით წარმოდგენილი უნდა იყოს და როგორი კითხვებიც არ უნდა მქონდეს ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუ მთავრობის ხელმძღვანელთან მიმართებაში, ეს ადამიანები დღეს საქართველოს წარმოადგენენ ისეთ ურთიერთობებში, სადაც ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებული, რომ საქართველოს საქმე იყოს რაც შეიძლება უკეთ, მაგრამ კრიტიკის დაწყება და ძალიან კონკრეტული თემების წამოწევა, მათ შორის სამხედრო ოპერაციის დეტალებამდე დასული, აუცილებელია. ეს სახელმწიფო საიდუმლოება აღარ არის. ეს უკვე მომხდარი ფაქტებია.
ისტორიაა ის, რაც ერთი თვის წინ მოხდა. ეს არ უნდა ითქვას, ეს ა რშეიძლება, ამ კომპლექსისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ყველაფერი უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ და მარტივად, თუნდაც იმიტომ, რომ იმ ჯარისკაცების წინაშე ვართ ანგარიშვალდებული, რომლებიც მართლაც გმირულად იბრძოდნენ - ბევრი დაეცა, ბევრი დასახიჩრდა, ბევრმა მორალური ტრავმა მიიღო; მათ სიმართლე ვუთხრათ, რომ მათ არ დავუკარგოთ ის, რაც გააკეთეს, მაგრამ ის, რაც ვერ გამოვიდა, ვისი ბრალით და რისი ბრალით ვერ გამოვიდა, ჯარს და ჯარისკაცებს არ უნდა დაბრალდეს.
|