ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელობა ორი დღის წინათ, „კავკასიის“ პირდაპირი ეთერის „ამოუცნობ ვითარებაში“ გათიშვასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მცდარი ინფორმაციის გარვცელებაში ადანაშაულებს და ყველა შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, `დაივიწყონ „კავკასიის“ გადამცემის არსებობა.”
როგორც ტელეკომპანია „კავკასიის „ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, მათთვის უცნობია თუ როდის და რა ვითარებაში შეისწავლა კომისიის ჯგუფმა „კავკასიის“ გადამცემი, რადგან კომისიის კომპეტენტურ ჩარევამდე, თავად არხის ხელმძღვანელობამ შეისწავლა დაზიანება და დაადგინეს, რომ 12 მცირე ბლოკიდან დამწვარია 9 ბლოკი, დაზიანების მიზეზები კი დაუდგენელია.
ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, აღმოჩენილი დაზიანებების მიზეზის ახსნა სპეციალისტებსაც კი გაუჭირდათ, ვინაიდან, პრაქტიკულად დამწვარი, დამდნარი ან გამკდარია ბლოკების ყველა დეტალი, რისი გამოწვევაც ”მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძაბვის მოვარდნასაც კი უნდა გასჭირვებოდა.” „რაც შეეხება გადამცემის აღდგენას, კომისიას ვატყობინეთ, რომ მათი მზრუნველობის გარეშე გადამცემი სარეზერვო ბლოკის საშუალებით მეორე დილითვე აღვადგინეთ და კიდევ დიდი ხანი იმუშავებს გამართულად“, -აცხადებს „კავკასიის“ დირექტორი და დასძენს, რომ 1 სექტემბრის საღამოს ტელეკომპანიის გადამცემში „ამოუცნობი მოვლენების“ გამოძიებას კვლავაც გააგრძელებენ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „კავკასიის“ გადამცემი დამზადებულია 2000 წელს და მუდმივად უტარდებოდა მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, გადამცემი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აქვს შესაბამისი სერთიფიკატი, ხოლო 7 წლის ექსპლუატაცია გადამცემს არ დააძველებდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „კავკასიის“ გადამცემის კვების ბლოკის 12 ბლოკიდან დამწვარია 8 მცირე ბლოკი, რომელთა შესწავლის შემდგომ გაირკვევა, ექვემდებარება თუ არა გადამცემი აღდგენას.
„კავკასიის“ დირექტორს ნინო ჯანგირაშვილს ეეჭვება, რომ ეროვნული კომისიის განცხადების უკან იმალება სამომავლოდ ტელეკომპანისათვის პრობლემების შექმნის შემთხვევაში „ტექნიკური ალიბის“ შექმნის განზრახვა.
|