Главная » 2008»სექტემბერი»4 » მოსკოვი დიკ ჩეინის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ანტირუსული განწყობის დანერგვაში ადანაშაულებს
მოსკოვი დიკ ჩეინის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ანტირუსული განწყობის დანერგვაში ადანაშაულებს
18:33
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯომარე საერთაშორისო საკითხებში კონსტანტინე კოსაჩოვი ("ედინაია როსია") აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ანტირუსული განწყობის დანერგვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველა ასეთი ვოიაჟის მიზანი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული განწყობის დანერგვაა. კოსაჩოვის განცხადებით, "სწორედ ჩეინია პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული მოვლენების ავტორი". "საქართველო ბრმა იარაღია "ამერიკელი არწივების" ხელში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სუვერენიტეტზე საუბარი ძნელია. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ჩეინის ვიზიტები აქვს დაგეგმილი, ეს მათი სუვერენიტეტის სერიოზული გამოცდა იქნება", - ამბობს კოსაჩოვი. მისივე აზრით, "თბილისი დასავლეთისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას მიიღებს, რაც უპირველეს ყოვლისა, მიმართული იქნება საქართველოს ეკონომიკის და შეიარაღებული ძალების აღდგენისაკენ". "ჩვენ უკვე ვიცით, როგორ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ ეს ძალები და ეჭვიც არ გვეპარება, რომ გამოიყენებს ისევ, ყოველ შემთხვევაში - მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რჩება," - ხაზგასმით აღნიშნა კოსაჩოვმა. მისივე თქმით, "რუსეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სამხედრო ხასიათისაც, რათა კავკასიის უსაფრთხოება უზრუნველყოს". "როგორც არ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი სამხედრო ძლები, რუსეთის შესაძლებლობები ყოველთვის უფრო მაღალი იქნება," - განაცხადა "დუმის" თავმჯდომარემ.