რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მაიკლ ლიი უაითი ამერიკის აგენტია, რომელიც რუსებსა და ქართველებს შორის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. მათი თქმით, ნაპოვნია არმიის ვეტერანის პასპორტი.
თუმცა გაოგნებული ამერიკელი ამბობს, რომ არასდროს ყოფილა საქართველოში. როცა ოსეთში ომი გაჩაღდა, ის იმ დროს მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა, ტეხასში, სადაც ავადმყოფ მამას უვლიდა. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ოთხშაბათს უარყო რუსეთის ბრალდება და განაცხადა, რომ უაითი მათი უწყების თანამშრომელი არ არის.
”საოცარია, გააჟღერო ამგვარი ბრალდებები თითქმის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ” - ამბობს უაითი, ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც მოკრძლებულ ბინაში ცხოვრობს ამჟამად სამხრეთ ჩინეთში.
უაითის სახელი გასულ ხუთშაბათს გაჟღერდა, როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელებს სამხრეთ ოსეთში წარმოებულ საომარ ქმედებებში მონაწილეობაში დასდეს ბრალი. რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა მტკიცებულების სახით ჟურნალისტებს იმ ნივთის ფერადი ასლი უჩვენა, რასაც უაითის პასპორტი უწოდა. ის ამტკიცებს, რომ პასპორტი სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი სოფლის ბაზაზე იმ ნივთებს შორის იპოვნეს, რომლებიც უკანდახევისას ქართველ სამხედროებს დარჩათ.
- ”ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა იყო უაითის ვიზიტის მიზანი სამხრეთ ოსეთში... მაგრამ ის იარაღს აწვდიდა ქართულ სპეცსამსახურებს” - თქვა ნოგოვიცინმა.
საქართველოში აშშ-ს საელჩო ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას და საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ამერიკელი სამხედროები ან მრჩევლები არ იმყოფებოდნენ.
როცა ამის შესახებ განცხადებები კეთდებოდა, 41 წლის უაითის თქმით, იმ დროს ის ჩინეთში უკან მიფრინავდა გუანგდონგის უივერსიტეტში მასწავლებლის ადგილის მისაღებად. მან თქვა, რომ არაფერი იცოდა ამ ბრალდების შესახებ შაბათამდე, სანამ ბინაში არ მოეწყო და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ გახდა. დედისგან მიღებული ელექტრონული წერილი ატყობინებდა: ”სანამ იფიქრებ, რომ ჩვენ გავგიჟდით, გუგლში აკრიფე შენი სახელი, პლუს პუტინი და საქართველო და ნახავ, რაც მოხდება,” - მომწერა დედამ.” გაოცებული დარჩები, რომ შენ და შენი პასპორტი საერთაშორისო კონფლიქტის ცენტრში ხართ”.
უაითი ამბობს, რომ 18 ივლისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით ტეხასში იმყოფებოდა, სადაც 85 წლის მამას უვლიდა, პენსიაზე გასულ ტეხასის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ შეუძლია თავისი პასპორტის ჩვენება, რადგან დოკუმენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ჩააბარა, რომელიც მისთვის სამუშაო უფლების მოპოვებას ცდილობს ჩინეთში.
ის ფიქრობს, რომ პასპორტი, რომელიც რუსებს აღმოაჩნდათ, სავარაუდოდ მან მოსკოვიდან ნიუ იორკში ფრენისას დაკარგა 2005 წელს. დანაკარგი მაშინ შენიშნა, როცა საბაჟოზე შემოწმებას გადიოდა. უაითი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარატამენტში განაცხადიც შეავსო დაკარგულ პასპორტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იმავე წელს ახალი აიღო.
უაითს სამხედრო წარსული აქვს, მაგრამ არა საბრძოლო პოზიციებზე ყოფნის. მან თქვა, რომ 1992-1997 წლებში ის იყო ნავთობის მიწოდების სპეციალისტი, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა გერმანიაში, ბოსნიაში და სხვა ქვეყნებში.
როცა მან სამხედრო სამსახური დატოვა, ხარისხი დაიცვა ოსტინის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ინგლისურის მასწავლებელმა კურსებიც გაიარა. ამის შემდეგ დაიწყო მისი ოკეანისგაღმითი კარიერა. უაითი შეეცადა, გამოეცნო კიდეც, თუ რატომ შეაჩერეს რუსებმა მასზე ყურადღება: ”მათ ჩემს შესახებ უამრავი ინფორმაცია აქვთ, იმიტომ, რომ ერთხელ ვიზის გამო მივმართე,” - განაცხადა მან, ”თუმცა მთელი ეს სპექტაკლი ნამდვილად გაუგებარი და სულელურია”.
|