საპარლამენტო ფრაქცია ”ძლიერი საქართველო-ქრისტიან დემოკატების” წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი რიგი არასაპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღეს გაფორმებული ქარტიის ხელმოწერაზე უარის თქმას “პარტიული ეჭვიანობით” ხსნის.
”ამ ადამინებმა უბრალოდ ვერ გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა იმიტომ, რომ ან ერიდებათ, ან ეშინიათ ერთმანეთის” - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
თუმცა მისივე თქმით, ”პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ”კონსერვატორებით” არ იწყება და ”ერთიანი საქართველოთი” არ მთავრდება და უახლოს დღეებში დოკუმენტზე ბევრი პოლიტიკური პარტიის ხელმოწერა დაფიქსირდება”.
”საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ქარტია” სამი დღის განმავლობაში ღია დოკუმენტად დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ხელმოწერა ქარტიაზე დაფიქსირებული არ არის, შესაძლებლობა აქვს, სამი დღის განმავლობაში შეუერთდეს იმ 4-პუნქტიან დოკუმენტს, რომელიც დღეს “ქორთიარდ მარიოტში” გაფორმდა.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტიების ”ჩვენ თვითონ”, ”ქრისტიან-დემოკრატების”, ”ქართული დასის”, ”მრეწველებისა” და ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერებმა, ასევე დეპუტატებმა გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა.
პირველი ხელმოწერა დოკუმენტზე თავად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დააფიქსირა. ”ნაციონალური მოძრაობის” სახელით კი დოკუმენტს ხელი პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მოაწერა.
“ეს არ არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა საქართველოს უზენაეს ღირებულებას - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას” – განაცხადა დავით ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ქარტიაში დაფიქსირებული პრინციპების და ღირებულების გარშემო კიდევ ბევრი პარტია გაერთიანდება.
|