გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება და "ქრისტიან-დემოკრატები" ერთიანნი არიან.
აღნიშნული განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, დღეს "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიაზე" ხელმოწერის დროს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გააკეთა.
მისი თქმით, ახლა მთავარია ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კარგად გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს აკისრია, საქართველოსთვის მძიმე პერიოდში.
"აღნიშნულ ქარტიაზე ხელმოწერით ჩვენ გამოვხატავთ "ქრისტიან-დემოკრატთა" ყველა მხარდამჭერისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას – საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთიანი ვართ", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტია" საზეიმო დოკუმენტი არ არის. ქარტია საჭიროა იმისთვის, რომ დაძლეულ იქნას ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისი.
სახელისუფლო და ოპოზიციურმა პარტიებმა "საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას" დღეს მოაწერეს ხელი.
ქარტია ერთიანი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო პოლიტიკური ძალების გაერთიანებას ითვალისწინებს.
|