პარასკები, 19.04.2024, 13:02
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ახალი დამნაშავეების ძიებაში
ახალი დამნაშავეების ძიებაში
17:00
საგანგებო მდგომარეობა უკვე გაუქმდა, მაგრამ ინფორმაციული თვალსაზრისით, ქვეყანაში თითქმის არაფერი შეცვლილა. ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზეც ხელისუფლება პასუხების გაცემას არ ჩქარობს. თუმცა, როგორც წესი, არაფერი დამალული არ რჩება და, ადრე თუ გვიან, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

მანამდე კი ინფორმაციები სხვადასხვა სტრუქტურებიდან მაინც ”ჟონავს” და ცუდი ის არის, რომ ტყუილ მართალი ისეა ერთმანეთში გადახლართული, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ.

ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციები კი იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურება, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიჩქმალვას ცდილობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში, მხოლოდ დეზერტირობის ბრალდებით 5 ათასამდე ჯარისკაცის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 30-მდე საშუალო რგოლის ოფიცერი ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის დაკავებული, რომელთაც ოცდაათდღიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უგზოუკვლოდ არის დაკარგული სამშვიდობო ძალების დაჭრილი სარდალი მამუკა ყურაშვილი, რაც რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას უფრო გავს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც ძმების, გელა და დავით ბეჟუაშვილების დაკავების შესახებ, თუმცა, როგორც პრესა.გე-სთვის გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება დაკავებულ ოფიცრებს, ექსპერტები დღეს არასერიოზულად თვლიან ამ თემაზე ხელისუფლებასთან კამათს. ჯერჯერობით, საქმე ძიების პროცესშია და ხელისუფლებასაც არაფერი აქვს სათქმელი. თუმცა, არსებობს ვერსიები, რომელზეც ღიად არ საუბრობენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით 30-მდე ოფიცერია დაკავებული. ექსპერტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მთავარსარდლობას ისინი საკუთარი დანაშაულის დასაფარად სჭირდება.

როგორც პრესა.გე-სთვის გახდა ცნობილი, ომის პირველ დღეებში რამდენიმე სამხედრო ოფიცერმა უარი თქვა სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე და ბრძოლის ველი დატოვა. მათ რიცხვში სახელდება მამუკა ყურაშვილიც.

სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მათსა და თავდაცვის მინისტრს შორის. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ყურაშვილი დაჭრილია და სამინისტრომ მის ადგილსამყოფელზე არაფერი იცის.

რაც შეეხება დაკავებულ ოფიცრებს, პრესა.გე-ს წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო მათ აიძულებდა ხელი მოეწერათ წინა რიცხვით დაწერილ ბრძანებებსა და ოპერატიულ გეგმებზე, რაც მათ ყურაშვილისა და სხვა მაღალჩინოსანი ”დამნაშავის” დაკავებაში დაეხმარებოდა. ამაზე ოფიცრებმა უარი განაცხადეს, რის შემდეგაც, ისინი ნარკოტიკების ბრალდებით დააკავეს.

ჩვენ შევეცადეთ თავდაცვის სამინისტროსგან მიგვეღო ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, არც იმის ილუზია გვქონდა, რომ სამინისტროსგან ამომწურავ პასუხს მივიღებდით. ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა და იგი ისევ ისე დახურულია არასასურველი ჟურნალისტებისთვის, როგორც ოქრუაშვილის დროს იყო.

გამარჯვებულების კაპიტულაცია

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ვითარებას, რომელშიც ახლა ვიმყოფებით ყველაზე მეტად გახსნილობა სჭირდება. საომარი მდგომარეობა დამთავრდა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ტელევიზიებმა მთელი დატვირთვით უნდა იმუშაონ, რადგან სირცხვილია ასე მუშაობა - ”ახალი ამბები არ არის. მალე, ჩვენი ტელევიზიების ახალი ამბავი ის იქნება, რომ მზე ამოდის”, - ამბობს პოლიტიკოსი.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძის განმარტებით, თუ ხელისუფლება სერიოზულად დაინტერესდებოდა წაგების სამხედრო მიზეზებით, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელი უმაღლესი რგოლის დაკავება იქნებოდა. ახლა კი, ჯოხის საშუალო რგოლზე გადატეხის მცდელობასთან გვაქვს საქმე.

-”შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარსარდლობას, ანუ ხელისუფლებას, მაგრამ ისინიც მოქმედებენ პრინციპით - ”აბა ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავს.”

”დარწმუნებული ვარ ახლა დაიწყებენ საუბარს, რომ შეცდომა დაუშვა რომელიღაცა კლერკმა, რომელმაც არასწორად იყიდა იარაღი, ან ვიღაცამ არასწორი ბრძანება გასცა და საზოგადოების რისხვას აქეთკენ მიმართავენ. ამასობაში კი მთავარი შეცდომა გაიპარება - ომის დაწყების და ორ დღეში კაპიტულაციის გამოცხადების შეცდომა, რაც ყველაზე სერიოზული შეცდომა იყო ამ ხელისუფლების”.

რაც შეეხება ყურაშვილის ”დაკარგვის” ფაქტს, თავდგირიძესთვის ეს თავდაცვის სამინისტროს მორიგი არასერიოზული განცხადებაა და ბუნებრივად უჩნდება ეჭვი, რომ ყურაშვილთან დაკავშირებით რაღაც ხდება.

-”მამუკა ყურაშვილი საამშვიდობო ძალების სარდალი იყო. მე არ ვიცი ბრძანება, რომლითაც იგი გადააყენეს სარდლობიდან და რომელიმე საბრძოლო ქვედანაყოფის მეთაურად დანიშნეს. აქედან გამომდინარე, მას ჰქონდა იურიდიული უფლება არ მიეღო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ამიტომ მასზე რაღაცის გადაბრალება ამორალურია, თუ რა თქმა უნდა სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია - ვინმე არ დაუხვრეტია, ან თავისივე სამშვიდობო ბატალიონის წევრებისთვის ცეცხლი არ გაუხსნია”.

თუმცა, ჯერ ხელაღებით ვერაფერზე ვისაუბრებთ. როცა ფაქტობრივი მასალებზე დაყრდნობით დაიწყება გამოძიება, მაშინ გამოჩნდება, ვის მორალური და ვის იურიდიული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. გიორგი თავდგირიძე კი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში ბოლომდე არ იქნება მიყვანილი.

დანაშაულები და შედეგები

გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე ხანმოკლე ომი, რომელიც სამ დღეში სრული კაპიტულაციით ისე დასრულდა, რომ ქართველებს არცერთი ბრძოლა არ წაუგიათ. -”ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებასთან დაახლოებული ვერცერთი ექსპერტისგან ვერ მოვისმინე, რომ ჩვენ რომელიმე ბრძოლა წავაგეთ. ამიტომ, რის გამო მოხდა კაპიტულაცია დღემდე გაუგებარი რჩება”.

ექსპერტი იმაზეც საუბრობს, რომ რაც მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება და ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, პირველივე დღეებიდანვე შეტევითი ოპერაციები ტარდებოდა. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ჯარი ვერ უმკლავდებოდა რუსეთის საჰაერო დარტყმებს და ტყუილად ვერ შეაკლავდა მათ ჯარისკაცებს.

-”არ შევაკლავდი, ნიშნავს, რომ მაშინ, არცერთი არ უნდა შეაკლა, მაგრამ როცა ბრძოლა იწყება, მაშინ ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ანუ, მან, მთავარსარდალმა, არ იცოდა რა სავალალო სცენარებით შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები და ფაქტობრივად მოუმზადებელმა დაიწყო ბრძოლა, რაც დანაშაულია”.

”სამშვიდობო ჯარმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცავს. იმისთვის ვქმნით შეიარაღებულ ძალებს და იმისთვის ვუხდით ხელფასს, რომ ბოლომდე იბრძოლონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. აქ კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჯარი უფრო ადრე გამოვიდა საომარი ადგილებიდან თუ მოსახლეობა.

იმის ნაცვლად, მოსახლეობა გაეფრთხილებინათ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ, ბაქრაძე გამოვიდა ტელევიზიით და მოსახლეობას რუსული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებდა. ამ დროს, აღმოჩნდა, რომ დილის 5 საათზე ქვეყნის მთავარსარდალს ხელი ჰქონდა მოწერილი ცეცხლის შეწყვეტის და იქედან ჯარების გამოყვანის ხელშეკრულებაზე. ფაქტობრივად, მათ მოსახლეობა გაწირეს”, - ასეთ განმარტებას აძლევს გიორგი თავდგირიძე ხელისუფლების მოქმედებებს.

ამიტომ, ექსპერტი ფიქრობს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების შემდეგ, არავის აქვს იმის მორალური უფლება ქართველი ხალხის სახელით და მითუმეტეს, მსხვერპლზე ილაპარაკოს.

მისივე თქმით, ჩვენ რომ სანგრები გაგვეთხარა, თავდაცვითი ზღუდეები აგვეგო და სამამულო თავდაცვითი ომი დაგვეწყო ჩვენი ბრძოლა გამართლებული იქნებოდა. თუ მოსახლეობას ამის შემდეგ ვეტყოდით, რომ ვერ ვუმკლავდებოდით რუსეთის შემოტევას და დავიწყებდით მათ უკან გამოყვანას წინასწარ მოწყობილ ბანაკებში. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეგვეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები.

მტრის ხატის ძიებაში

როგორც ჩანს, სამხედრო პირების დაჭერებით არ დასრულდება ყველაფერი. რუსეთს რომ საქართველოში აგენტურა ყავდა ეს უკვე ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საეჭვო ისაა, რამდენად სამართლიანია ეს დაჭერების სერია.

ორიოდე დღის წინ თბილისის აეროპორტში დააკავეს ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია. ამ უკანასკნელს, შესაძლოა ბრალი სამშობლოს ღალატში წაუყენონ, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა.

გამსახურდიას დაკავებამ საზოგადოებაში გააჩინა ეჭვები, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ იგი საკუთარი გეგმების განსახორციელებლად გამოიყენოს. ვინ იცის? ლევან ბერძენიშვილისთვის გაუგებარია რატომ ჩამოვიდა გამსახურდია საქართველოში, როცა მისი პრორუსული პოზიცია არავისთვის დაფარული არ არის.

-”როგორც ჩანს, მისმა ბოსებმაც იციან დავალებების მიცემა უხერხულ დროს, თორემ ვერ გავიგე რატომ მისცა ეს საშუალება ხელისუფლებას?”

რაც შეეხება ხელისუფლებას, მართალია ადრე სატელეფონო ჩანაწერებიც მოგვასმენინეს, მაგრამ გამსახურდიას დაპატიმრებით, ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ძნელი იქნება ოპოზიციის პრორუსულობა დაამტკიცო. უბრალოდ, ეს არის ერთი მთლიანი ჯაჭვი დამნაშავეების ძებნისა.

-”ახლა დამნაშავე იქნება სამხედროები, ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები. მთავარია, დამნაშავე არ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მან ხომ კარგად იცის, რომ თევზი თავიდან ყარს. სრულიად ნათელია, ვინ დააშავა ბოლო დროს საქართველოში ყველაზე მეტი”.

”მე არ ველი, რომ გამსახურდია მრავალი წლით იჯდება საკანში. ასეთი რამეების არ მჯერა. ეს პიარ დაპატიმრება იყო და ისიც პიარ ჩამოსვლა იყო.”

”ჩვენ ამას წინათ ეკა ხერხეულიძემ გვითხრა, რომ თურმე არასოდეს ასე ახლოს არ ვყოფილვართ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტის საკითხებთან, როგორც ახლა ვართ ხოლო მეორე სიბრძნე კობა ხაბაზისგან მოვისმინე, როცა თქვა, რომ საქართველოს გაუჩნდა სოჭის დაბრუნების შანსი”.

”ასეთი პარანოიკული განცხადებების შემდეგ მე არ მიკვირს დამნაშავეების ძებნის ეს გზა. აბა ეს ხალხი ხომ არ იქნება დამნაშავე, რომლის ადგილი, ნებისმიერ ზომიერ ქვეყანაში პარლამენტში ნამდვილად არ იქნებოდა”, - ამბობს ბერძენიშვილი.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ხელისუფლება აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობს. სამაგიეროდ, არავინ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში რატი სამყურაშვილი მეუღლითურთ ჩინეთის ოლიმპიადაზე ერთობოდა. არის მცდელობები მიიჩქმალოს ხელისუფლების ყველა იმ წარმომადგენელის ვინაობა, ვინც ამ უმძიმეს დღეებში საქართველოდან გადაიხვეწა.

ლევან ბერძენიშვილი კი დარწმუნებულია, რომ ვერაფერი დაიმალება. სააკაშვილი შეეცდება დამნაშავეების პოვნას, რადგან თავად არ უნდა დამნაშავე იყოს. –”მაგრამ, ის ტყუილი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ამ საზოგადოებაშიც კი არ გავა”, - მიაჩნია პოლიტიკოსს.

Просмотров: 900 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz