დღეს შავნაბადაზე, ქართული სპეცრაზმის წრთვნების გადაღებისას ”რუსთავი 2”-ის ოპერატორი გოჩა რამიშვილი საბედისწერო ტყვიამ იმსხვერპლა.
იგი ჟურნალისტ გიორგი ქორქიასთან ერთად სიუჟეტს იღებდა შაბათის საინფორმაციო პროგრამა “P.S.”-თვის.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სპეცრაზმის ერთ-ერთმა წევრმა არასწორი მიმართულებით ისროლა. მეორე ვერსიით, გოჩამ მისთვის მიჩენილი ადგილი შეიცვალა და გადაღება სხვა ადგილიდან სცადა.
ამდენად, რა მოხდა რეალურად, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ოპერატორის თანმხლები ჟურნალისტები უკვე დაკითხეს. ახლა პროზექტურაში მისი ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ გოჩა რამიშვილს ტყვია თავში, ტუჩის არეში მოხვდა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ კომენტარისაგან ყველა თავს იკავებს.
გოჩა რამიშვილი ტელეკომპანიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა. ამდენად, იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოპერატორი იყო. 14 წლის განმავლობაში მისმა კამერამ არაერთი დასამახსოვრებელი კადრი და მოვლენა დააფიქსირა.
იგი არაერთხელ იყო მივლინებული ცხელ წერტილებში მისი გამორჩეული ხასიათისა და სიმამაცის გამო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
პრესა.გე-ს ჟურნალისტები სამძიმარს უცხადებენ გოჩას ოჯახსა და თანამშრომლებს.
|