პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, რომ კრიზისის თავიდან აცილება მოხერხდა.
”მე მჭირდება სერიოზული ანალიზი. მე მჭირდება პასუხები შეკითხვებზე.”- განაცხადა მან 5 სექტემბერს ”როიტერთან” ინტერვიუში მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში.
კითხვაზე, თუ რა მოხდება მაშინ, თუ აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მან უპასუხა: ”ამ შემთხვევაში, მე არ ვისურვებდი მთავრობის ადგილზე ყოფნას”.
”მე შემიძლია ვთქვა, რომ ძნელი წარმოსადგენია კარგი პოზიცია ქვეყნის პრეზიდენტისთვის, რომელსაც ასეთი დიდი პრობლემები აქვს,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”არა მგონი, რომ ის კომფორტულად გრძნობდეს თავს და იმაზე უკეთ ან ძლიერად, ვიდრე აქამდე იყო”.
”თუმცა, ჩვენ, ქართველი ხალხი, არ განვიხილავთ მთავრობას ერთადერთ დაზარალებულად და რა თქმა უნდა, მოვა დრო ჯანსაღი შეფასებისთვის, თუ რა გაფუჭდა საქართველოში”.
მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრა ჰქონდა სააკაშვილთან ”კრიზისის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე”.
”მე ჩემი აზრი და შეხედულება გამოვთქვი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთი შემოგვიტევდა, თუ ქართული მხრიდან იქნებოდა რაიმე სახის სამხედრო მოქმედებები და კარგად ვხედავდი, რომ რუსებს უნდოდათ საქართველოს პროვოცირება,”- განაცხადა მან.
”მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ შეიძლებოდა ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების სამხედრო მოგვარება, რადგან რუსეთი იბრძოლებდა, გამოაგზავნიდა ჯარებს, შეიარაღებას, თვითმფრინავებს,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
”მე მესმოდა, რომ ეს რეალური უბედურება იყო ჩემი ქვეყნისთვის,”- დასძინა მან.
|