სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ზედელაშვილთან სიღნაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები მივიდნენ და ის სახელფასო დავალიანება მოითხოვეს, რომელიც მათ მიმართ სამშენებლო კომპანია “თბილისს” გააჩნია.
როგორც მუშებმა რადიო ჰერეთს განუცხადეს, სამუშაოები 7-8 თვის წინ შეასრულეს და ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.
“ჩვენ შევხვდით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ზედელაშვილს. მან გვითხრა, რომ დარჩენილი დავალიანებას, დაუყოვნებლივ მოსთხოვს სამშენებლო კომპანიას “თბილისი” - აცხადებენ მუშები.
სამშენებლო კომპანია “თბილისის” ბუღალტერმა გოჩა წულუკიძემ რადიო “ჰერეთთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სახელფასო დავალიანება კომპანიის შიდა პრობლემებს უკავშირდება და მომდევნო კვირას კომპანია მუშების სახელფასო დავალიანებას სრულად გაისტუმრებს.
მუშები კიდევ ერთი დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
|