Главная » 2008»სექტემბერი»7 » "პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელის მოწერა ხვალ, 18:00 საათზე შეწყდება
"პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელის მოწერა ხვალ, 18:00 საათზე შეწყდება
21:53
"პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელის მოწერა ხვალ, 18:00 საათზე შეწყდება. პოლიტიკურ სუბიექტებს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა ამერიკის რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრიდან "პოლიტიკურ ძალთა ქარტიაზე" ხელს არ მოაწერენ პარტიები: "საქართველოს გზა", "რესპუბლიკელები", "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტული პარტია", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "კონსერვატორები" და "ახლები". აღნიშნული პარტიების წარმომადგენლებმა "პირველთან" საუბარში განაცხადეს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს პარტიების "ჩვენ თვითონ", "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული დასის", "მრეწველებისა" და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერებმა, ასევე გია თორთლაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ "პოლიტიკურ ძალთა ქარტია" 5 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფორმდა და იგი 4 პუნქტისგან შედგება: კერძოდ, 1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სრულად უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია; რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულებით. 2. საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა; აუცილებელია 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნათლად გამოხატული ნების აღსრულება. 3. საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესები ყოველთვის უნდა რჩებოდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. 4. ქვეყანაში რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების, დემოკრატიზაციისა და შიდა რეფორმების პროცესის გაგრძელებისა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზნით უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო. საბჭოს შემადგენლობა, მუშაობა, პროცედურა და მანდატი განისაზღვრება დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე.