ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ვაკისა და დიდუბის სარჩევნო ოლქებში, სადაც 3 ნოემბერს შუალედური არჩევნებია დანიშნული.
ამ არჩევნების დანიშვნის საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც დიდუბეში დავით საგანელიძემ, ხოლო ვაკეში არჩეულმა დავით გამყრელიძემ ახალი მემარჯვენეებიდან სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს განაცხადეს რა, რომ 21 მაისის არჩევნები გაყალბდა. მთლიანობაში 12-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩააბარა სადეპუტატო მანდატი ამ მიზეზით.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შუალედურ არჩევნებში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მისცეს მეტი შესაძლებლობა 150 წევრიან პარლამენტში მოსახვედრად, სადაც მმართველ პარტიას 119 დეპუტატი ჰყავს.
თუმცა შუალედურ არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებული ახალი მემარჯვენეები ისევე როგორც მისი პარტნიორები ოპოზიციური კოალიციიდან მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ასევე რესპუბლიკურმა და ლეიბორისტულმა პარტიებმაც.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 9 პარტიის განაცხადი შევიდა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ესენი არიან: ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; მრეწველები; ჩვენ თვითონ; ქართული დასი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ჩვენი ქვეყანა; ქართული პოლიტიკა; საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
მას შემდეგ რაც ამ პარტიებს ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს, ისინი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებენ
|