აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ მოსკოვის ”ძალადობა” საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ბოლო იყო იმ შემაშფოთებელი და წინააღმდეგობრივი ქმედებების ჯაჭვში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ განახორციელა.
6 სექტემბერს იტალიაში ამბროსეტის ფორუმზე გამოსვლისას ჩეინიმ ასევე განაცხადა: ”მე მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, რომ დაიწყოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) განხორციელება საქართველოსა და უკრაინისთვის”.
იტალიაში ჩასვლამდე ჩეინი აზერბაიჯანს, საქართველოს და უკრაინას სტუმრობდა.
”რუსულმა ძალებმა გადაკვეთეს სუვერენული სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვარი; და შიდა კონფლიქტი გააღვივეს; საომარი ქმედებები განახორციელეს უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ, მოკლეს სამოქალაქო პირები და ათიათასობით ადამიანი სახლიდან გამოაძევეს - ყველაფერი ეს მოხდა იმ ერის წინააღმდეგ, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და დასავლეთისკენაა ორიენტირებული,” - განაცხადა მან.
”რუსეთმა შეჭრის რაიმე დამაკმაყოფილებელი დასაბუთება არ გააკეთა - მას ამის გაკეთება არც შეეძლო,” - განაცხადა ჩეინიმ. ”საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სუვერენულ საზღვრებში არსებული ორი რეგიონის სტატუსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ვერ გაამართლებს რუსეთის მიერ უცაბედ და ძალადობრივ შეჭრას”.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება ”მხოლოდ აუარესებს სიტუაციას რეგიონში”.
”ჩვენ ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას აღმოვუჩინეთ ცალსახა მხარდაჭერა,” - განაცხადა ჩეინიმ.
რუსეთის ხელმძღვანელობის მიზნებზე საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიტყვების ციტირება მოახდინა, რომელმაც განაცხადა: ”რუსეთის მიზანია აღადგინოს გავლენა, რომელიც მას საბჭოთა და იმპერიულ პერიოდში ჰქონდა”.
|