პარასკები, 19.04.2024, 09:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 8 » აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის ახალი საფრთხე
აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის ახალი საფრთხე
14:23
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ექსპერტთა ნაწილს გაუჩნდა ეჭვები, რომ 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება უკვე, მხოლოდ, რუსეთს აძლევს ხელს. საქართველო კი ორადაა გაყოფილი, რომლის ერთ ნაწილს რუსეთი გააკონტროლებს, მეორეს - დასავლეთი, ისიც, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ რუსეთს არავინ მისცემს უფლებას, ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა, ყველაფერს თავის დრო აქვს. სინამდვილეში კი, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში და არც ის - დრო რამდენი აქვს საქართველოს, რომელიც იმაზე დაუცველი აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

მოდით, დამიცავით
რუსეთმა ამ ომით მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ამერიკის ჯიბრზე აღიარა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. თუმცა, როგორც ეგონა, ვერც საქართველოს ხელისუფლების დამხობა მოახერხა და ვერც იმ ტერიტორიების შენარჩუნება, რომლებიც იერიშით აიღო.

ექსპერტი დავით ებრალიძე ფიქრობს, რომ ახლა მისი მცდელობა იქეთკენაა მიმართული, დააფიქსიროს და გარანტიები მიიღოს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ომამდეც ჰქონდა დაპყრობილი.

-”რუსეთი თანახმაა, ბუფერულ ზონებში უცხოელი დამკვირვებლები შემოვიდეს, რომელთა მისია ამ ტერიტორიებზე სიმშვიდის შენარჩუნებაა. რუსეთს კი, მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, უკვე არ სჭირდება პრობლემები და ამის გარანტია მხოლოდ უცხოელი დამკვირვებლები არიან”, - ამბობს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, რუსეთი ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა, როცა საქართველოში ღრმად შევიდა, რადგან დასავლეთი ვერ აიტანს ტრანსკავკასიური მაგისტრალის გადაკეტვას და მასზე საფრთხეების შექმნას. ამდენად, რუსეთმა დამკვირვებლებად დასავლეთის მიპატიჟებით მინიშნებაც გააკეთა, რომ იგი მეტს აღარ წამოვა, რითაც 6 პუნქტიანი ხელშეკრულებას ასრულებს.

-”ამით, იმ ქვეყნების ნაწილი, რომლებიც ნაკლებად აგრესიულები იყვნენ რუსეთის მიმართ, კიდევ უფრო ლმობიერნი გახდებიან მისადმი და სხვების დარწმუნებასაც შეეცდებიან, რომ რუსეთმა დანაპირები შეასრულა”.

ებრალიძე ამბობს, რომ სინამდვილეში, საქართველო ორად გაიყოფა, რომლის ერთ მხარეს (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) რუსეთი დარჩება, ხოლო მეორე მხარეს დასავლეთი გააკონტროლებს.

- ”ევროკავშირის სხდომაზეც სწორედ იმაზე იყო საუბარი, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმეოროს ყველაფერი ეს. ახლა აქ თამაში მიდის და ევროპა თავის მართლებას ცდილობს. იგი რუსეთს აიძულებს, შეასრულოს 6-პუნქტიანი შეთანხმება, მაგრამ ის შეთანხმება აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებამდე იყო მეტნაკლებად დადებითი. ახლა კი, რახან ეგ პრობლემა რუსეთმა უკვე გადაჭრა, ეს დოკუმენტი უკვე ფარატინა ქაღალდია, რომელიც წამგებიანი და სახიფათო ხდება საქართველოსთვის”.

ლევან ბერძენიშვილი კი დარწმუნებულია, რომ რუსეთი შორსაა ამგვარი შორსმჭვრეტელური პოლიტიკისგან. მისი განმარტებით, ჯერ ერთი, რუსეთმა არ დაიცვა ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება რაიმე ტიპის დიპლომატიურ მოგებაზე იყოს საუბარი.

-”შესაძლოა, მათი დიპლომატია ჩვენსას სჯობია და უფრო მეტი წიგნი აქვთ წაკითხული, მაგრამ რუსეთში ხელისუფლება არ არსებობს - ეს არის ხროვა. ამიტომ, არა მგონია რუსეთი დიპლომატიურ საკითხებზე და ამ ხელშეკრულების გამოყენებაზე ფიქრობდეს.

ახლა ყველა მცდელობა იქეთაა მიმართული, რომ რუსეთი მათ მიერ მონიშნული ბუფერული ზონებიდან შევრეკოთ იქ, სადაც ჩვენი იურისდიქცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება”.

იგივეს ამბობს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძეც. დღეს მთელი საქართველო ოკუპირებულია და ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ოკუპაციის შეჩერებაა.

- ”რუსეთი შეეცდება ჩვენი ამა თუ იმ ტერიტორიის რაიმე ფორმით შენარჩუნებას, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი მიზანია ქვეყანა გავხადოთ ქმედითუნარიანი. ამის შემდეგ, ჩვენი პოლიტიკა ისე უნდა წავრმართოთ, რომ შევძლოთ მთელი ტერიტორიის გათავისუფლება. ამიტომ, ჯერ სხვა არაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ყველა ცალკეული ფრაზა კონტექსტიდან იქნება ამოგლეჯილი”.

ექსპერტის აზრით, ქვეყნის გათავისუფლება ეტაპობრივად უნდა მოხდეს და მე-6 პუნქტამდეც, სადაც ტერიტორიულ მთლიანობაზეა საუბარი, ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ. -”ეს დროში გაწელილი პროცედურა იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ რუსები მუდმივად ვერც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დარჩებიან, რადგან იქ დაიწყება დევნილების დაბრუნება.

-”ჩვენი მოსახლეობა არის ფაქტორი. ამას ვერავინ უარყოფს. ის ხალხი იქ დაბრუნდება და იქ კვლავ იქნება პრობლემა. ქართველებსა და ოსებს შორის კვლავ იქნება მოსაგვარებელი ურთიერთობები და ამას მოაგვარებს ის, ვისაც ომის დაწყების შესახებ არ გაუცია ბრძანება, არც ერთი და არც მეორე მხრიდან. საქართველოს და რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებებს შორის კი მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურულია”.

პოლიტიკოსი მნიშვნელოვნად თვლის ამ საკითხებში საფრანგეთის და კერძოდ, პრეზიდენტ სარკოზის ჩარევას: ”ამ ადამიანს აქვს მიუკერძოებლობის იმიჯი და ის არ არის საქართველოს ხელისუფლების მეხოტბე”.

საქართველოს თუ ევროპის უსაფრთხოება?
ამ ოპტიმისტური შეფასებების მიუხედავად, დავით ებრალიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკან არავითარ შემთხვევაში არ წაიღებს თავის ნამოქმედარს. ეს გამორიცხულია.

-”ევროპა უფრო პრინციპული უნდა ყოფილიყო. ეს ჩვენაა, მადლობას რომ ვუხდით ევროპას, თორემ გადახედეთ დასავლურ პრესას, როგორ აფასებენ ევროკავშირის სხდომას. ყველა ადასტურებს, რომ ეს იყო ევროპის სისუსტის გამოვლინება”.

”ევროპა მოითხოვს, რომ რუსეთმა 6-პუნქტიანი შეთანხმება შეასრულოს და მეტი არაფერი. არა და, ამის შემდეგ ევროპა უფრო ინერტული გახდება და სულ უფრო რთული იქნება პრინციპული პოზიციების გატარება. ერთია, როცა ისინი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, მაგრამ მეორეა - საით მიდის რეალობა”.

”ევროპა განცხადებებით იფარგლება, მაგრამ არავითარ ბერკეტს არ იყენებს, რომელიც მტკივნეული იქნება რუსეთისთვის. დასავლეთი ახლა კონცენტრირებულია, რომ ეს ტერიტორია არ გადაიკეტოს და მაგისტრალი არ გაჩერდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ხომ ეს არ არის?”

რაც შეეხება ეკონომიკურ დახმარებას, რომელიც დასავლეთმა უნდა გაუწიოს საქართველოს, ექსპერტს ამაზეც საკუთარი მოსაზრება აქვს და თვლის, რომ ესეც უსაფრთხოების თვალსაზრისით კეთდება.

-”მათთვის მთავარია რეგიონში არ დაიწყოს სოციალური ბუნტი და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას. რაც მთავარია, დაცული უნდა იყოს ტრანსკავკასიური მაგისტრალი და მას დასავლეთი აკონტროლებდეს”.

ექსპერტი ამბობს, რომ საქართველომ დასავლეთს კარგად უნდა აუხსნას - თუ არ იქნება ერთიანი საქართველო, არც სტაბილურობა იქნება და არც ტრანსკავკასიური მაგისტრალი.

-”ჩვენ დახმარება ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად გვჭირდება, თორემ იქით დავეხმარებით დასავლეთს. აბა ბაქო-ჯეიჰანი სხვა რა არის?”

დავით ებრალიძე დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც მე-5 პუნქტი (რუსეთის შეიარაღებული ძალები უბრუნდებიან იმ ხაზს, რომელზეც საომარი მოქმედებების დაწყებამდე იდგნენ) ამუშავდება, ცალსახაა, რომ მე-6 პუნქტი (საერთაშორისო მსჯელობის დაწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის და მათი უსაფრთხოების გარანტირებული დაცვის თაობაზე.) დავიწყებას მიეცემა.

გიორგი თავდგირიძე კი საპირისპიროშია დარწმუნებული. მისი თქმით, იმის ილუზია არავის აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მედვედევი გაიღვიძებს და შეცდომას აღიარებს. თუმცა, რუსეთს შეუძლია თქვას, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება ომის გამოსარიცხად გააკეთა. ახალი რეალობის გათვალისწინებით კი შეიქმნება პროტექტორატი ან რაიმე სხვა, და შესაძლოა, საქართველოში სამი ფედერაციული ერთეული შეიქმნას.

”ეს ცუდია, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს დათანხმება თუ ამერიკა ევროკავშირი და რუსეთი, პირველ ეტაპზე, ლტოლვილების დაბრუნებას დაიწყებენ, მეორე ეტაპზე - ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, ხოლო მესამე ეტაპზე, ამ ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრა მოხდება”.

ექსპერტის თქმით, რა არგუმენტით დაიხევს რუსეთი უკან ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს პროცესი დღეს უჩვენოდ მიმდინარეობს, სანამ ქვეყნის ქმედითუნარიანობა არ აღდგება.

ლევან ბერძენიშვილი კი დარწმუნებულია, რომ თუ ჩვენ როდესმე მოვისურვებთ ამ პრობლემის მოგვარებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და რუსებს სხვა ხელისუფალნი გვეყოლება. რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის მიერთების მცდელობას, ბერძენიშვილს ეს აბსურდულად მიაჩნია.

-”დღევანდელ მსოფლიოში, ისეთ თავხედ ქვეყანასაც კი, როგორიც რუსეთია, არავითარი შანსი არ აქვს სხვისი ტერიტორიები მიიერთოს. აქ საქმე მსოფლიო თანამეგობრობაში არ არის. აქ საქმე პრინციპებშია. თუ რუსეთი ანგრევს გაეროს პრინციპებს და გაერო წყვეტს მოქმედებას, მაშინ, მეც ვიცი, რომ არსებობს რუსეთის დაშლის ექვსი გეგმა, სხვადასხვა გემოვნების მიხედვით”.

”რუსეთი ფრთხილად უნდა იყოს. თუ იგი დაარღვევს ტერიტორიული ურღვევობის პრინციპებს, მაშინ პრეტენზიები მის მიმართ სხვებსაც აქვთ და ისინიც მიიერთებენ რუსეთის ტერიტორიებს. თუ მსოფლიო წესრიგი არაფერს ნიშნავს და გაერო არაფერს წარმოადგენს, თუ მართლა ასე წავიდა საქმე, სამხედრო თვალსაზრისით, იაპონიას 15 წუთში შეუძლია მიიერთოს კუნძულები და რუსეთი ვერაფერს ვერ იზამს”.

მოკლედ, სურათი ასეთია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საფრთხე. თუ მესამე ომის შემოქმედი რუსეთი გახდება, მაშინ, ყოველგვარ დიპლომატიაზე საუბარი ზედმეტია. სხვათა შორის, 7 აგვისტომდე საქართველოში ექსპერტთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი საქართველოში ომის დაწყებას ვერ გაბედავდა.

-”კრემლშიც ზის ჭკვიანი ხალხი”, - ასე ფიქრობდნენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთში ჭკუა ძალამ დაჯაბნა. ამიტომ, ძნელია წინასწარ რუსეთის ნაბიჯების გათვლა. 8 სექტემბრიდან რუსებს საქართველოს ტერიტორიები უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ფოთის მაგალითზე ამას ვერ ვიტყვით.

უფრო მეტიც, პუტინი საქართველოს ახალ სიურპრიზებს პირდება და დასავლეთი ჯერაც ისეთივე დელიკატურია, როგორც აქამდე. ამიტომ, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში და კიდევ რამდენი წლით დავშორდით აფხაზეთსა და სამაჩბლოს, რომლის დაბრუნებასთან, თურმე, ჩვენი მმართველი ძალის განმარტებით, -”ისე ახლოს ვიყავით, როგორც არასდროს”.

Просмотров: 915 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz