ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე (სტრასბურგი, 29 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების თაობაზე გადაუდებელი დებატების გამართვის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც ევროპის საბჭოს ქართული საინფორმაციო ბიურო იტყობინება, ეს წინადადება ასამბლეის ბიურომ 5 სექტემბერს პარიზში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.
ბიურომ აგრეთვე გადაწყვიტა, ჩამოაყალიბოს სპეციალური კომიტეტი, რომელიც ორივე ქვეყანას სესიამდე ერთი კვირით ადრე მოინახულებს, რათა ადგილზე შეაგროვოს ინფორმაცია ამჟამინდელი ვითარების შესახებ და გააკეთოს შეთავაზებები შესაძლო სამომავლო ქმედებების თაობაზე.
სპეციალური კომიტეტი უნდა შედგეს სამონიტორინგო კომიტეტის ორი მომხსენებლისგან საქართველოზე და ამავე რაოდენობის სამონიტორინგო კომიტეტის მომხსენებლისგან რუსეთზე.
|