ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან შეხვედრას გამართავს.
მოსკოვში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის გარდა, საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ჰავიერ სოლანა და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზოც ჩავლენ, რომლებიც მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავენ.
პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი თემა 6-პუნქტიანი შეთანხმება. ამასთან, საუბარი შეეხება საქართველოში ეუთო-სა და ევროკავშირის დამკვირვებლების გამოგზავნის საკითხს, რაზეც რამდენიმე დეტალი უნდა გადაწყდეს და ასევე, საუბარი შეეხება სამშვიდობო ფორმატის შეცვლასაც.
რუსეთის ფედერაციაში გამართული შეხვედრების შემდეგ ევროპელი ლიდერები საქართველოს დედაქალაქში 9 სექტემბერს უნდა ჩამოვიდნენ, თუმცა არ არის გამორიცხული ისინი თბილისს დღეს საღამოსვე ესტუმრონ.
ევროკავშირის მიერ მიღებული 11 პუნქტიანი რეზოლუციის განხორციელების შესახებ კონტროლი პირადად პრეზიდენტმა სარკოზიმ იკისრა. საგულისხმოა, რომ რუსეთის ფედერაციას კომუნიკეში გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღევანდლამდე ჰქონდა, თუმცა მის შესრულებას რომ რუსეთი არ ჩქარობს, ეს უკვა აშკარაა. ევოპა მთელი რიგი მოწოდებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთის მიმართ მოქმედებების სხვა ფაზაში გადადის. სწორედ ამ ეტაპზე გადასვლის წინ თითის დასაქნევად რუსეთში ჩასული ევროპელი დიპლომატები დღეს მედვედევი-პუტინის მთავრობას თავის მართლების საშუალებას კიდევ ერთხელ მისცემენ.
საინტერესოა, რა იქნება ამ გაფრთხილების შემდეგ. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე შუალედური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
- ”საკითხი ეხება ინტერნაციონალურ საერთაშორისო თანამეგობრობის ელემენტის გაჩენას და გაძლიერებას კონფლიქტის ზონებში, რასაც რუსეთი შინაგანად ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და ახლაც გულზე არ ეხატება, მაგრამ ამ ცნობილი 6-პუნქტიანი შეთანხმების თანახმად, ხელაღებით და ღიად რუსეთი ამას ვერ შეეწინააღმდეგება. თუმცა, ყოველთვის ეცდება პროცესი გაწელოს, შუალედურ გადაწყვეტილებას არ გაცდეს შეხვედრები და ამასობაში ივაჭროს კიდეც რაღაც-რაღაც საკითხებზე დასავლეთთან. დღეს მე არ მოველი, რომ რუსეთი დათანხმდება კონფლიქტის მთელი ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი საჯარისო შენაერთები და დაუშვას იქ საერთაშორისო საპოლიციო ჯარები”, - აცხადებს გეგეშიძე.
მისივე თქმით, მხარეები, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან კონფლიქტის ზონების მიმდებარე, ბუფერულ ზონებში საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებაზე.
- ”რაც შეეხება შიგნით კონფლიქტის ზონაში როგორ შეაღწევენ ევროკავშირის და ეუთო-ს წარმომადგენლები, ეს ცალკე მოლაპარაკებების საგანია და სხვა შეხვედრების, რომლებიც მომავალში ალბათ მრავლად გაიმართება. ეს ასე მარტივად დასამთავრებელი პროცესი არ არის”, - აღნიშნავს გეგეშიძე.
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრისგან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ელის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც.
- ”ვთვლი, რომ რუსეთი გააჩაღებს ინტენსიურ ვაჭრობას და ამის შემდეგ ნაბიჯნაბიჯ უკან დაიხევს. რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას, კულუარებში არის ამაზე საუბარი. აქედან გამომდინარე ამ თემაზე იქნება სერიოზული ვაჭრობა, რით დამთავრდება ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია”, - აღნიშნავს არეშიძე.
მისივე თქმით, რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკან დახევა, რადგან რუსული საზოგადოება ამ ეტაპზე ”ურაპატრიოტულ” ეიფორიაშია და ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი უკან დახევის მცდელობა ღალატად აღიქმება.
|