შსს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომელი, 45 წლის პაატა ქარდავა, 27 აგვისტოს, დილის 11 საათზე საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ ის სოხუმის იზოლატორში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ახლობლებმა გაუჩინარებული პაატა ქარდავას ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა, კოკი-ხურჩის დამაკავშირებელ ხიდთან იპოვეს. მანქანაში ხელუხლებლად იდო ქარდავას დოკუმენტები და სხვა ნივთები.
დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სამართალდამცავებმა და ახლობლებმა მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მიაკვლიეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქართველი პოლიციელი სოხუმის უშიშროების იზოლატორში იმყოფება და მის დაკითხვას რუსეთის ,,ფსბ-ეს“ წარმომადგენლები აწარმოებენ.
|