ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ რუსეთის მიმართ განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, მედვედევი-პუტინის ტანდემი უკან დახევას არ აპირებს. საქართველოს კონფლიქტური რეგიონებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებამ, რუსეთს ახალი სურვილები გაუღვივა. ეს არის რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოსკოვში მოეწერება.
- ”მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ დიდი შეთანხმება ფაქტობრივად, მზად არის, ეს 32 მუხლისგან შედგება. ჩვენ დოკუმენტი უკვე მოვამზადეთ. ვფიქრობ, ამ დოკუმენტს ხელს უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოსკოვში მოვაწერთ“, - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება საკითხების მთელ სპექტრს ითვალისწინებს, რომელთა შესახებ ცალკეული სამინისტროები და უწყებები დამატებით შეთანხმებებს გააფორმებენ.
ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთს დსთ-სა და რუსეთ-ბელორუსის კავშირში შესვლა სურს.
- ”ამის შესაძლებლობა საკმაოდ დიდია. ჩვენ უკვე დავაყენეთ ეს საკითხი. თუ დსთ-ს წევრები ამას შესაძლებლად ჩათვლიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ორგანიზაციაში შევალთ. ჩვენ არასოდეს მოვმწყდარვართ დსთ-ს და მით უფრო რუსეთს“, - განაცხადა ბაღაფშმა.
გაზეთ ”კომერსანტის“ ინფორმაციით კი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ”მეგობრული და ამასთან დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად“ განხცადებას ხელი მოეწერება არათუ რამდენიმე დღეში, არამედ სამშაბათს, 9 სექტემბერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს თემა სერიოზული განსჯის საგანი იყო გასულ შაბათ- კვირას, როდესაც მოსკოვში ქალაქის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში ჩავიდნენ.
როგორც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირინა გაგლოევამ განაცხადა, მოსკოვში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამასთან, ზუსტი თარიღის დასახელება გაგლოევამ ვერ შეძლო.
”კომერსანტის” ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი, თარიღის დასახელება მაშინვე შეძლეს.
- ”ეს მოხდება სამშაბათს. ამ დღეს შედგება შესაბამის ნოტების გაცვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის. შემდეგ კი საელჩოს ავაშენებთ“, - განუცხადა გაზეთს აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მაღალჩინოსანმა.
ამგვარი ქმედებების შემდეგ, ღიმილისმომგვრელია პრეზიდენტ მედვედევის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე რუსი ხალხის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არ შეცვლილა და კვლავ თბილი და ძმურია.
- ”მეტსაც ვიტყვი - ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ახლაც ძმური გრძნობები გვაქვს, ამას ვერაფერი შეარყევდა“, - განაცხადა მედვედევმა მას შემდეგ, რაც ქართველების მიმართ თბილ დამოკიდებულებაზე მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ისაუბრა.
ლუჟკოვმა სინანული გამოთქვა საქართველო-რუსეთის დაპირისპირების გამო.
- ”ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოულოდნელად უთანხმოება მოხდა, მაგრამ უთანხმოება მხოლოდ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან მოდის. გავა დრო და ჩვენ კვლავ მხოლოდ ძმური განცდები გვექნება“, - განაცხადა ლუჟკოვმა.
როგორც ჩანს რუსულ ირონიას საზღვარი არ აქვს. მაშინ, როდესაც რუსი პოლიტიკოსები ქართველ ხალხს ძმობასა და ერთობას ეფიცებიან, მათი სამხედო შენაერთები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სულ უფრო დიდი მასშტაბებს იძენს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ფოთში რუს ოკუპანტებს დამატებითი ჯავშანტექნიკა შეჰყავთ.
რამდენიმე წუთის ინტერვალით, ქალაქის ტერიტორიაზე შემოვიდა ექვსი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, ორი განლაგდა ქალაქის შემოსასვლელში მდებარე რუსების უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე, ხოლო ოთხი გადაადგილდა ქალაქის გავლით ნაბადის მიმართულებით, სადაც რუს ოკუპანტებს მეორე ბლოკ-საგუშაგო აქვთ გახსნილი.
ამ დროისთვის რუსებს ფოთში გაძლიერებული აქვთ როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. როდის და რა ხერხებით მოხდება რუსული ძალის შეჩერება დღეს უკვე ლოგიკურ გათვლებს აღარ ექვემდებარება, თუმცა ამ პროცესის ატანა ქართველი მოსახლეობისათვის უკვე შეუძლებელია.
|