ქართველ მინისტრებს დღეს რეკორდულად დატვირთული მთავრობის სხდომა ჰქონდათ. დღის წესრიგში შესულ 48 საკითხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რთველის სეზონისათვის მზადება იყო.
შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა გლეხებს ყურძენი ვაზებზე გაუფუჭდათ, ზოგმა კი დაბალი ფასების გამო ვენახებიც კი აჩეხა, წლეულს ამ მეტად “მტკივნეულ” საკითხზე მთავრობის განწყობა ასეთია: “უნდა გადავარჩინოთ ვენახი, გლეხი, სოფლის მეურნეობა და მთლიანად ქვეყანა.”
სოფლის მეურნეობის მინისრტი ბაკურ კვეზერელი წლეულს ყურძნის დიდ მოსავალს ელოდება და როგორც აცხადებს, ერთი მტევანიც არ უნდა გაფუჭდეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის “რთველი 2008”-ის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარებულია.
ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას სპეციალური შტაბი, რომელიც გლეხებს ყველა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში დაეხმარებათ. შტაბი გურჯაანში, სასტუმრო “რები-გურჯაანში” განთავსდა და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი თავად უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს სთხოვა, ორი კვირის განმავლობაში რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია ინტენსიურად მიაწოდოს და აღნიშნა, რომ აუცილებელია რთველმა წელს წარმატებით და ორგანიზებულად ჩაიაროსო.
ორი დღის წინათ კახეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლეხებს დაჰპირდა, რომ შარშანდელისაგან განსხვავებით წლეულს სახელმწიფო პირდაპირ განახორციელებს მევენახეობის სუბსიდირებას და ცენტრალური ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა, აქვე დასძინა, რომ “სახელმწიფო ფასებს ვეღარ დაარეგულირებს, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს სწორი პოლიტიკა, რათა მევენახემ, მინიმუმ ზარალი მაინც არ ნახოსო”.
დაპირებებში უხვი პრეზიდენტი ახლა სიძუნწეს იჩენს. მაშინ, როდესაც ორიოდე თვის წინათ იგი საზოგადოებას, მევენახეთა სუბსიდირებისთვის დაახლოებით 15 მილიონი ლარის გამოყოფზე ამცნობდა, ახლა ირკვევა, რომ ეს ციფრი უკვე 8 მილიონამდე შემცირდა. საომარ სიტუაციაში ამას თავისი ახსნა მოეძებნება, მაგრამ, რატომღაც წინასწარ წაგებული ომისათვის ფული არავის ენანება, ხოლო სოფლის მეურნეობისათვის განვითარებისათვის გამეტება - ეზედმეტებათ.
რა გამოვა ამ საქმიდან ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით რაც გადასარჩენი იყო ხელისულეფლებამ ვერაფერი გადაარჩინა და რთველი რაღაა? რთველის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კი გლეხები ჩაბარებულ თითო კილოგრამ ყურძენზე დამატებით თანხას მიიღებენ. კერძოდ, 1 კგ რქაწითელზე - 15 თეთრს, საფერავის ჯიშის ყურძენზე - 25 თეთრს, ხოლო მუჯურეთულზე და ალექსანდროულზე - 1 ლარს. მოსავალი წელს საქართველოში, დაახლოებით, 130-140 ათასი ტონა იქნება, მაშინ როცა შარშან 180 ათასი ტონა იყო.
ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ განახევრებულმა სუბსიდიამ, შესაძლოა გლეხებს ახალი თავსატეხი გაუჩინოს. მათი აზრით, სუბსიდირების მეთოდი სწორია, ეს საშუალებას იძლევა, რომ მევენახეს, რასაც ქარხნები გადაუხდიან, კიდევ დაემატოს თანხა. თუმცა, თუ საწარმომ გლეხს 30 თეთრი გადაუხადა, შავი ყურძნისთვის 55 თეთრი ნამდვილად ცოტა იქნება. ჩემი აზრით, შავი ყურძენი, საშუალოდ, 1 ლარი უნდა ღირდეს, თეთრი კი - 70 თეთრი.
- “საქართველოში არსებობს 18 მიკროზონა, სადაც უმაღლესი ხარისხის ყურძენი მოდის. ამიტომ ხელისუფლებამ ამ ზონაში მოყვანილი ყურძნის შესყიდვის საკითხში მაქსიმალური უნდა გააკეთოს. ესეც რომ არ იყოს, დღეს ყველაზე მთავარია გლეხმა ვაზის გასაჩეხად ნაჯახი არ აიღოს ხელში. ყველა არგუმენტი უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ წლევანდელი რთველი გადავარჩინოთ”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრიეს მოადგილე ირაკლი კოღუაშვილი.
პრემიერ-მინისრტმა ვლადიმერ გურგენიძემ დღეს აგრეთვე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო დონორთა დიდი კონფერენციის გამართვის პერსპექტივაზე, რომელიც ოქტომრებში იგეგმება. მისი თქმით, ამ კონფერენციაზე განისაზღვრება საქართველოსათვის ფინანსური დახმარების მოცულობა. დასაფინანსებელი პროგრამების ნაწილი მთარვობას უკვე შედგენილი აქვს.
|