ორშაბათი, 30.12.2024, 17:24
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » კახა ლომაია: “საქართველოს წინაშე მხოლოდ ორი არჩევანი იდგა”
კახა ლომაია: “საქართველოს წინაშე მხოლოდ ორი არჩევანი იდგა”
14:46
რამდენიმე დღის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ნაწილმა, მედიას დაუგზავნა კოლექტიურად ხელმოწერილი განცხადება. დოკუმენტში, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად, დასმული იყო 7 კითხვა, რომელსაც თან ახლდა მოთხოვნა: “ხელისუფლებამ კითხვებზე უნდა გვიპასუხოს!”.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსანდრე (კახა) ლომაიას ვთხოვეთ.

მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კატეგორიული გაფრთხილებისა, რატომ გაყო თავი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში საქართველოს ხელისუფლებამ, მითუმეტეს, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომი იყო მოსალოდნელი?
-
იმ დროისთვის საქართველოს წინაშე ორი არჩევანი იდგა - ქვეყანა აგრესორისთვის ან უბრძოლველად უნდა ჩაგვებარებინა და 1921 წლის სცენარი განმეორებულიყო, ან წინააღმდეგობა იმ ძალებითა და შესაძლებლობებით გაგვეწია, რაც გაგვაჩნდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკუთარი ქვეყანა, მასზე მრავალჯერ აღმატებული მტრისგან დაეცვა.

შემიძლია გითხრათ, დასავლელი კოლეგების მონაცემებით, რომლებიც ჩვენს მონაცემებსაც ემთხვევა, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილის, დაახლოებით, 30% იყო ამოქმედებული. რაც, საერთო ჯამში, 80 ათასი ჯარისკაცია, რომლებიც საქართველოში არა ერთდროულად, არამედ როტაციის პრინციპით იყვნენ განლაგებულნი.

ჩვენმა რეგულარულმა არმიამ, ხელისუფლების გადაწყვეტილებთ, რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა მაქსიმალურად გაუწია. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური არჩევანი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ უბრძოლველად უნდა ჩაგვებარებინა დედაქალაქი და გვეთქვა: “მობრძანდით, ხელს არ გახლებთ და დედაქალაქს გაბარებთ!”

ეს იყო ჩვენი არჩევანი მაშინ, როდესაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა თორემ, მანამდე, საბრძოლო მოქმედებები, იცით, რომ აგვისტოს დასაწყისიდანვე მიმდინარეობდა. როდესაც სეპარატისტებმა ცეცხლის ინტენსივობა გაზარდეს, ჩვენ მსხვერპლი უკვე მშვიდობიან მოსახლეობაშიც გვქონდა. რუსეთის ე.წ. სამშვიდობოები კი ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდნენ.

ფიქრობთ, საქართველომ მართლაც ხაფანგში შეაბიჯა?
- ჩვენი არჩევანის შესახებ უკვე გესაუბრეთ, სიტუაციას მაშინ ასე ვხედავდით და ახლაც ასე ვხედავთ. ბუნებრივია, დისკუსიის სახით, ჩვენ ამ ყველაფერზე ვიმსჯელებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სინამდვილეში, ჩვენ მართლაც ორი არჩევანი გვქონდა - გაგვეწია წინააღმდეგობა, ან უბრძოლველად ჩაგვებარებინა ხელისუფლება, რასაც სახელმწიფოებრიობის დამხობაც მოჰყვებოდა.

ჰყავდა თუ არა საქართველოს სამხედრო ავიაცია და ჰქონდა თუ არა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და თუ არა, მაშინ, სად წავიდა ამისთვის გათვალისწინებული მილიარდობით სახსრები?
- მინდა გითხრათ, რომ გორის ოკუპაციის დროს, ურთიერთობა რუს გენერალიტეტთან მქონდა და ის მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, ემთხვევა იმას, რასაც ისინი მიყვებოდნენ. ორი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი კომპონენტი ჩვენი შეიარაღებული ჯარებისა, რომლებმაც, მათი აზრით, ყველაზე დიდი ზარალი მიაყენეს, ეს იყო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და არტილერია. მართალია, გვქონდა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ, მაგრამ ორი, ყველაზე დიდი კომპონენტი, რამაც მათ ზარალი მიაყენა, სწორედ საჰაერო დაცვა და არტილერია გახლავთ.

ყველაზე მოკრძალებული მონაცემებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 14 თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი ჩამოაგდო, ხოლო ზარალი, რაც რუსეთის მძიმე ტექნიკას არტილერიით მივაყენეთ, ასეთია: განადგურებულია ასეულ ერთეულამდე მძიმე ტექნიკა. თუმცა, ისიც გასაგებია, რომ ჩვენს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბოლომდე არ შეეძლო.

9-10 აგვისტოს იყო მომენტები, როდესაც ჩვენს საჰაერო სივრცეში, ერთდროულად, 50 შემტევი და ბომბდამშენი ოპერირებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს იყო სრულმასშტაბიანი ომი და აგრესია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიის მხრიდან, ბუნებრივია, მსგავსი ინტენსივობის შემოტევებს ჩვენი მსგავსი ან კიდევ უფრო ძლიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ვერ გაუძლებდა. შემდეგ, აგრესორებმა მწყობრიდან ჩვენი რამდენიმე საკვანძო რადარიც გამოიყვანეს და როგორც სამხედროები იტყვიან, “დააბრმავეს” ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. თუმცა, ზარალი, რაც ჩვენ მტერს 4 დღის განმავლობაში მივაყენეთ, რუსულ არმიას II მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია.

რატომ ჩააბარა ხელისუფლებამ აგრესორებს უბრძოლველად კოდორის ხეობა, სამეგრელოს, იმერეთისა და ქართლის რაიონები?
- როგორც დღეს ირკვევა, რუსეთის ოცდახუთმა გემმა, დაახლოებით, ივლისის ბოლოს დატოვა სევასტოპოლი, ანუ ბაზირების ადგილი. ჩვენ დაზვერვას აქვს შესაძლებლობების რაღაც მაქსიმუმი. ამიტომ ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით.

ამ დროისთვის ჩვენი სენაკის ბრიგადა აგრესიას ცენტრალურ საქართველოში - ქართლში იგერიებდა. როცა ცნობილი გახდა, რომ 9 გემიდან აგრესორებმა ოჩამჩირეში დესანტი გადმოსხეს, ხოლო კიდევ 16 გემი იმყოფებოდა იქვე, აკვატორიაში, ჩვენს ტერიტორიულ და ნეიტრალურ წყლებში, ჩვენს წინაშე დადგა ალტერნატივა: ან ძალები გაგვეფანტა და ბრიგადა დასავლეთ საქართველოში დაბრუნებულიყო, ბრძოლების გასამართად, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ძალებს დაანაწევრებდა, ან რეგულარული არმიის ბრძოლისუნარიანი ნაწილები, ერთმუშტად შეკრული, თბილისის დასაცავად დაგვეტოვებინა.

მაშინ სრულიად ნათელი გახდა, რომ მტრის მიზანი არა ცხინვალის რეგიონში კოკოითის რეჟიმის დაცვა, არამედ საქართველოს დაპყრობა იყო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ცხინვალიდან ერთიანი ძალებით უკან დაგვეხია, რათა დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა გადაგვერჩინა.

კოდორში უბრძოლველად არაფერი დაგვითმია. ორი დღის განმავლობაში, ჩვენი ძალები რუსულ დესანტს წარმატებით იგერიებდნენ, სხვათაშორის - უმსხვერპლოდ, მაგრამ როცა ოჩამჩირეში დესანტი გადმოსხეს, სამეგრელოში შემოვიდნენ და წალენჯიხის ძირითადი გზა გააკონტროლეს, შეიქმნა საფრთხე, რომ კოდორში ჩვენი ძალები ალყაში მოექცეოდნენ და განადგურდებოდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ძალები აღმოსავლეთ საქართველოში, დანაკარგის გარეშე ჩამოგვეყვანა.

ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას ომის წარმოების გეგმა, რომელშიც, საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია?
- ბუნებრივია, გენერალურ შტაბს გეგმა ჰქონდა... ვინაიდან ჩვენ აგრესიას ვპასუხობდით, გეგმაც სწორედ ამ აგრესიის მოგერიება და შეჩერება იყო. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას, ამაზე არ გვიფიქრია, იქიდან გამომდინარე, რომ ომისთვის არ ვემზადებოდით. ვინც ომისთვის ემზადებოდა, მან ევაკუაცია მოხდინა კიდეც და ეს დღეს უკვე ნათელი ხდება. არც 1 აგვისტოს და არც შემდგომ დღეებში, მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. შემდეგ კი, როდესაც ჩვენმა ჯარებმა სამხრეთით დაიხიეს, მოსახლეობის გადმოსვლაც მოხდა.

ვინაიდან ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით და შემდეგ უკვე აგრესიის მოგერიებაზე ვიყავით მობილიზებულნი, მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა. მეტსაც გეტყვით - ნამდვილად არ მეგონა, 21-ე საუკუნეში, ბალყარეთის შემდეგ, შიდა ქართლში, რუსეთის აგრესიის შედეგად, ასეთი სასტიკი ეთნოწმენდა თუ განმეროდებოდა.

რატომ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციებს არაპროფესიონალი სამხედროები, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი სამოქალაქო პირები?
- არც ერთ ასეთ ფაქტს არ ვიცნობ. სამხედრო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბი და არა, ვინმე სხვა.

რატომ მიატოვა ხელისუფლებამ უპატრონოდ ათასობით გაწვეული რეზერვისტი?
- რეზერვისტების მართვაში პრობლემები ნამდვილად იყო და შესაბამისი ორგანიზაციული გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებულია. ეს პრობლემები კრიზისულმა სიტუაციამ და აგრესიამ წარმოაჩინა. ისიც მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, რეზერვისტების წესდება, მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ გულისხმობს. შესაბამისად, ამას მასშტაბური ხასიათი არ ჰქონია.

ამ მიმართულებით, კრიზისმა რა სახის პრობლემები წარმოაჩინა და რა არის ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი ზომები?
- მიღებულია ორგანიზაციული ხასიათის ზომები. მიმდინარეობს სამსახურეობრივი მოკვლევა და თუ გაირკვა, რომ ჩვენ რეზერვისტთა მართვაში უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, ზომებს აუცილებლად მივიღებთ. ამ მომენტისთვის გეტყვით, რომ პიროვნება, რომელიც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

უკან დახევისას, რატომ დაუტოვეს რუს ოკუპანტებს ბაზებში განლაგებული უამრავი სამხედრო ტექნიკა?
- ის ტექნიკა, რაც ოკუპანტებმა და აგრესორებმა გაიტანეს, არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც ამას თავად ხატავენ. საბრძოლო ტექნიკა იმდენად არ არის გატანილი, რამდენადაც საყოფაცხოვრებო ნივთები. თუმცა, რა თქმა უნდა, ტექნიკაც წაღებულია. ზარალი ტექნიკას იმდენად არ შეხებია, რამდენადაც აღჭურვილობას, რისი თვითმხილველიც თავად გახლავართ. ტექნიკის უდიდესი ნაწილი შენარჩუნებულია ისევე, როგორც რეგულარული ჯარის უდიდესი ნაწილი. ალბათ, იცით, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ დაღუპული გვყავს დაახლოებით, 140-მდე სამხედრო მოსამსახურე.

მადლობას გადავუხდი პოლიტიკური სპექტრის უდიდეს ნაწილს იმ პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი მიდგომისთვის, რაც აგრესიის დღეებში გამოიჩინეს და ახლაც იჩენენ. მადლობას ვუხდი ასევე, მთელ საზოგადოებას მართლაც სამაგალითო თავდადებისა და სიმტკიცისთვის. ეს არის მთავარი ინდიკატორი.

სამაგალითო იყო ჟურნალსიტების საქმიანობა, განსაკუთრებით - გორსა და ცხინვალთან. ამის მოწმე თავად ვარ. ისინი საოცარი სიმამაცით ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას და ეთნიკური წმენდის უამრავი მასალა სწორედ ჟურნალისტების რეპორტაჟებითა და მუშაობით გვაქვს შეგროვილი.

Просмотров: 806 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz