მაღალი რანგის კონფერენციაში, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წუხელ ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი რანგის კონფერენცია ომის შემდეგ საქართველოს აღდგენას მიეძღვნება და მას რამდენიმე დასავლელი ლიდერი დაესწრება.
კონფერენციის შესახებ კომენტარი უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ “ეს უფრო პოლიტიკური ხასიათის ფორუმი იქნება სახელწოდებით ”საქართველოს მეგობართა სამიტი”.
მისივე თქმით, ცალკე იგეგმება ევროკავშირის კონფერენცია, რომელიც სავარაუდოდ, ბრიუსელში გაიმართება და საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით სახსრების შეგროვებას მიეძღვნება.
|