სამშაბათი, 23.04.2024, 23:06
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » გორში ეპიდემიის საშიშროება არსებობს
გორში ეპიდემიის საშიშროება არსებობს
15:30
დღე სიცხე, ღამე სიცივე... დევნილობა ზუსტად ერთი თვის შემდეგ... ახლა 8 სექტემბერია. 8 აგვისტოს 80-ზე მეტი სოფლიდან ხალხი გამორბოდა. პირველ დღეებში მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. გადარჩენილი ხალხი დღეს ნელ-ნელა უფიქრდება რეალობას. იმას თუ რა იქნება დღეს და რა იქნება ხვალ. ხვალ, როდესაც მამა-პაპურ მიწას ჯერ ვერ ნახავს და შესაძლოა ეს ”ადგილნაცვალობა” იმდენივე წელი გაგრძელდეს, რამდენი წელიც 1992 წლიდან გავიდა.

დღეს სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. ეპიდემიის საშიშროება რეალურად არსებობს. მოსახლეობა ჰიგიენურ კრიზისზე საუბრობს. არც საპონი, არც შამპუნი, არც საჭმელი, არც ცხელი წყალი... მოკლედ ”კარვების ქალაქი” ხელისუფლებას მხოლოდ საძილე კარავი ჰგონია. ის ხალხი, ვინც ტყვია-წამალს გადაურჩა, ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში მასიური დაავადებებს ელის.

”კარვების ქალაქში” ცენტრალურ შესასვლელთან პოლონელ მედიკოსებს ცალკე კარავი გაუშლიათ. სხვადასხვა სპეციალობის სამი ექიმი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს. მათ შორის ერთი ქართველი ექიმი ვნახეთ. გვარსახელი არ გვითხრა, რადგან ჟურნალისტებისთვის ოფიციალური ინტერვიუს მიცემა ნებადართული არ აქვთ, თუმცა გარკვეულ პრობლემებზე გვესაუბრა.

- ”ძალიან ბევრი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უჩივის. განსაკუთრებით ეს ბავშვებში ვლინდება. არ არის გამორიცხული, ეს საკვებითაც იყოს გამოწვეული ან კიდევ წყლით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ალბათ დარღვეული კვების რეჟიმის ბრალია. ბევრი გაციებული ადამიანი გვაკითხავს. ღამით არის სიცივე და შესაბამისად მისგან ორგანიზმის გადაციების რეალური საფრთხე არსებობს”, - გვითხრა ექიმმა.

ჩვენ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა, ისინი გაუთავებელი ჩაწერებით და ერთი და იგივეს თქმით დაიღალნენ.

- ”ჩვენთან რამდენჯერ უნდა მოგვიხდეთ და ჩაგვწეროთ, ვერ გავიგე? ვინც ჩასაწერი და გამოსაკითხია, ის ჩაწერეთ, რა გააჭირეთ ამ ჟურნალისტებმა საქმე? წადით და ჰკითხეთ, რატომ არ მაძლევენ ”ტაშტს” და ვედროს? რატომ არ მაძლევენ?”

რატომ არ გაძლევენ?

- რატომ და აღარ არისო... რას ჰქვია, აღარ არის? წამიყვანონ ჩემს სახლში და იმდენ ტაშტსა და ვედროს გამოვატან, აქ ყველას ეყოფა. ეს რა ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, ტაშტი და ვედრო ენანებათ, რომ მოგვცენ. სულ 2 ლარი ღირს ბოლო-ბოლო, ვერ უყიდიათ? თან ხომ არ წავიღებ, დავუტოვებ როცა წავალ. თუ წავალთ კიდევ ჩემს სახლიდან გამოვატან რამდენსაც უნდა იმდენს” - ცხარობდა სოფელ ერგნეთის მკვიდრი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ძალზედ გაღიზიანებული დაბრუნდა გრძელი რიგიდან.

”ადამიანის უფლებათა ცენტრს” ადგილზე ,მარავალეროვანი საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არინა თავაქარაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, ადამიანები მასიურად ჰიგიენური საშუალებების ნაკლელობას განიცდიან.

”სახლებიდან რაც შეგვიძლია ჩვენ ჩვენი საშუალებით ვეხმარებით. მაგრამ აქ ძალიან ბევრი ხალხია და ელემენტარულად შეუძლებელია ჩვენნაირმა მცირე ჯგუფებმა მთლიანად მოიცვას დევნილები” - გვითხრა მარინა თავაქარაშვილმა.

ჩვენ რამდენიმე საბავშვო ბაღიც მოვინახულეთ. მოვინახულეთ მე-10 საბავშვო ბაღი, სადაც დვანიდან, ნიქოზიდან, მეღვრეკისიდან, შერთულიდან და ა.შ. სოფლებიდან დევნილები ვნახეთ.

მანანა გოგოლაძე, სოფელი დვანი: ”სოფლიდან მხოლოდ ორი მცირეწლოვანი შვილით ვარ წამოსული. მეუღლე ისედაც დაღუპული მყავდა. ჩემი მეზობლები ავიდნენ ორი დღის წინ სოფელში და ნახეს რა მდგომარეობაცაა იქ. გაძარცვულია უმეტესად სახლები. რამდენიმე სახლი დამწვარია. მხოლოდ მოხუცებიღა არიან იქ. ვისაც საქონელი შემორჩა, ყიდის, ვინც ვერ ასწრებს გაყიდვას, ღამე ოსები შემოდიან და მიჰყავთ”.

- ”ჩემი ბავშვებით იქ ვერ ვიცხოვრებ. ავტობუსი მხოლოდ სოფელ ტახტისძირამდე ადის და იმის მერე ფეხით მივდივართ. მეც ვიყავი ასული ჩემს სახლში და სასწრაფოდ უკან წამოვედი”.

აქ კი პირობები ნელ-ნელა უფრო და უფრო უარესდება. საბავშო ბაღს ფანჯრები არა აქვს. რამდენიმე მეტრში, 8 აგვისტოს, ბომბია ჩამოვარდნილი. ფანჯრები ჩალეწილია. ღამე ცივა. დევნილებს საპონი არა აქვთ, რომ ჩვენ ხელები მაინც დაიბანონ. სხვა ჰიგიენურ პირობებზე საუბარი ზედმეტია.

იმედი კაპანაძე, სოფელი ნიქოზი: ”ძირითადად მოდის პური და იტალიური სამზარეულო, ცხელი საკვები. ეს ხდება დღეში ერთხელ. ამას წინათ საპატრიარქომ გამოგვიგზავნა პური, კარტოფილი, გრეჩიხა. თურქული შეფუთული მაკარონიც მოგვიტანეს. კვების მხრივ ყურადღებას კი ვგრძნობთ, მაგრამ აგერ უკვე ერთი თვე გავიდა, რა ტანსაცმლითაც წამოვედით, ისევ ის გვაცვია. არანაირი ჰიგიენური პირობები არ გვაქვს. ქავაბი რომ ქვაბია, ის მაინც მოგვიტანონ ზედმეტად. საბავშვო ბაღის ჭურჭლით ვჭამთ საკვებს”.

- ”წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღის ბავშვების პატარა ჯამებით ვჭამთ საჭმელს. მე ნიქოზელი ვარ, ჩემი ქმარი ასულა იმ დღეს სოფელში. ჩემი სახლი გარეუბანში დგას და ცხინვალის გარეუბანთან 500 მეტრი აშორებს. სახლს კი ფანჯრები ჩალეწილი აქვს და გაძარცვული აქვს, მაგრამ მითხრეს გადარჩენილიაო”.

”ჩვენი სახლი ისეთ ადგილზეა, რომ ადრეც ოსებს ქორწილები ჰქონდათ თუ დროსტარება, მთვრალები ამოიღებდნენ იარაღს და დაგვიშენდნენ. წლებია ჩვენი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არ გვიძინია. მაგრამ ახლა ვიღა შევა იქ საცხოვრებლად. სანამ ჩვენი პოლიცია არ აღადგენს იქ კონტროლს, ჩვენ შიშით ვერ შევალთ”.

გუშინ ვარძელაშვილი მისულა მე-10 საბავშვო ბაღში. დევნილები სადილობდნენ. - ”მორჩით ჭამას და მერე შემოვალო”. ვარძელაშვილი ისე წასულა საბავშვო ბაღიდან, ”ადგილნაცვლები” არც უნახია. ამიტომ, დევნილებმა ხელისუფლებასთან სათქმელი ჩვენ, ჟურნალისტებს გვითხრეს.

Просмотров: 752 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz