Главная » 2008»სექტემბერი»9 » რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 3800-3800 ჯარისკაცის შეყვანას და "დიდი ხნით" დატოვებას გეგმავს
რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 3800-3800 ჯარისკაცის შეყვანას და "დიდი ხნით" დატოვებას გეგმავს
18:05
რუსეთი უახლოეს ხანებში რუსეთის ჯარების ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგების შესახებ შეთანხმებების გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომავალში არა რუსი სამშვიდობოები, არამედ რუსეთის შეიარაღებული ძალები განლაგდებიან და მათი რაოდენობა იქნება საკმარისი იმისათვის, რათა რუსეთმა საქართველოს მხრიდან აგრესიის რეციდივებს უპასუხოს". "რუსეთის ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი ხნით დარჩებიან. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში ეს ნამდვილად აუცილებელია" – დასძინა მან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს ესაუბრა. "უკვე შევთანხმდით, რომ თითოეულ რესპუბლიკაში დაახლოებით 3800 სამხედრო განთავსდება, შევთანხმდით ასევე მათი დისლოკაციის ადგილებზე და შემადგენლობაზე" – განაცხადა ანატოლი სერდიუკოვმა. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროები პოზიციებს ჯავასა და ცხინვალში დაიკავებენ, აფხაზეთში კი – ჯერჯერობით იმ ადგილებში, სადაც რუსი სამშვიდობოები იყვნენ დისლოცირებული.