Главная » 2008»სექტემბერი»9 » თბილისი ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებების მონაწილეობას გამორიცხავს
თბილისი ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლებების მონაწილეობას გამორიცხავს
18:07
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც დეპუტატი აცხადებს, "შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან". "ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ არის და არც რუსეთი წარმოადგენს სრულფასოვან საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტს, ვინაიდან ის გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან, არის ოკუპანტი ქვეყანა და მისი საოკუპაციო ჯარების გაყვანისთვის როგორც ევროკავშირი, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იბრძვის. შესაბამისად, შეუძლებელია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებების წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან" - განუცხადა "პირველს" ჟვანიამ. მოსკოვის მტკიცებით კი, 15 ოქტომბერს ჟენევაში კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ. "რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობას სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც მიიღებს. შესაბამის დოკუმენტში ეს საკითხი არ არის დაფიქსირებული, თუმცა ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დისკუსიის მაგიდასთან სრულუფლებიანი ადგილი უნდა დაიკავონ" - განაცხადა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.