ორშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ მოლაპარაკებებს დატოვებდა, მაგრამ საბოლოოდ დისკუსია დიმიტრი მედვედევთან შეთანხმებით დასრულდა, რაც საქართველოდან ჯარების გაყვანას გულისხმობს - იუწყება ფრანგული ოფიციალური მხარე.
სარკოზიმ მიღწეული შეთანხმება შეაფასა, როგორც ევროპული დიპლომატიის გამარჯვება და განაცხადა, რომ თუ შეთანხმება შესრულდება, უამრავი ადამიანის სიკვდილს და ტანჯვას ავიცილებთ თავიდან. ერთობლივ კონფერენციაზე სარკოზის და მედვედევის ღიმილი ფარავდა იმ დაძაბულ ატმოსფეროს, რაც უთუოდ სუფევდა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებისას.
- ”იყო ძალიან მძიმე და დაძაბული მომენტები”,- განაცხადა სარკოზის აპარატის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის შემდეგ.
შეთანხმება იმ ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გაგრძელება იყო, რომელიც სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული ერთის მხრივ, რუსეთის და მეორეს მხრივ, საქართველოსა და დასავლეთის მიერ და რომელიც, დასავლეთის შეფასებით, რუსეთმა ნაწილობრივ შეასრულა.
ორშაბათის მოლაპარაკებებისას, რაღაც მომენტში, როცა მედვედევი გასული იყო ოთახიდან, რუსული დიპლომატიის ლიდერმა ლავროვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა სცადეს დოკუმენტიდან ამოეღოთ ფრაზების ნაწილი, რომლის მიხედვითაც მოსკოვს ევალება გაიყვანოს სამხედროები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებამდე.
- ”იმ მომენტში სარკოზი ადგა და თქვა: ”ჩვენ მივდივართ, ეს სავაჭრო საგანი არ არის,” - ყვება ფრანგული მხარის წარმომადგენელი. მაშინ რუსეთის მხარემ სასწრაფოდ მოძებნა მედვედევი და მისი შემოსვლის შემდეგ დაძაბულობა ცოტა განელდა”,- განაგრძობს თხრობას ფრანგული მხარე.
- ”მან განაცხადა: ”მოდით, დავწყნარდეთ”. მას სხდომა არ შეუჩერებია და არც პუტინისთვის დაურეკავს”, - ამატებს ფრანგული მხარე. ერთი თვის წინანდელ მოლაპარაკებებს პრემიერი პუტინიც ესწრებოდა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ მას კვლავ დიდი გავლენა აქვს კრემლში.
სარკოზიმ მედვედევი აფხაზეთისა და ოსეთის ცნობასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებაც გააფრთხილა.
- ”მან უთხრა მედვედევს: თვითგამორკვევის პრინციპებთან ფრთხილად უნდა იყოთ. თუ რუსეთი მოითხოვს ამას აფხაზეთისა და ოსეთისათვის, ჩენჩნებსაც შეუძლიათ მოითხოვონ,” - ყვება ფრანგული წყარო.
|