ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ”საქართველოს მომავალი ახლა აშშ-სა და ევროპის მკაცრ პოზიციებზეა დამოკიდებული”. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დაყრდნობით ტელეკომპანია იმედი იუწყება.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა საქართველოს მიმართ მოსკოვის პოზიცია კიდევ ერთხელ დაგმო და რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოსთხოვა.
”საქართველოში შემოჭრით, ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევითა და გავლენის სფეროების გაძლიერებაზე საუბრით რუსეთმა საკუთარი საერთაშორისო იმიჯი დიდი რისკის ქვეშ დააყენა. რუსეთის ქმედებები - ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც ევროპის წარსულში დარჩა: ავღანეთის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის მოვლენები, ასევე საქართველოს 1921 წლის ოკუპაცია”, - განაცხადა ფრიდმა.
|