პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ჟვანია ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიებში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობას გამორიცხავს.
როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულმა წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღონ რაიმე სახის მოლაპარაკებაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არ არის და არც რუსეთი წარმოადგენს სრულფასოვან საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტს, ვინაიდან ის გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან.
მანვე დასძინა, რომ რუსეთი გამოსულია ნორმალური ურთიერთობების ჩარჩოებიდან, არის ოკუპანტი ქვეყანა და მისი საოკუპაციო ჯარების გაყვნისთვის იბრძვის როგორც ევროკავშირი, ისე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა.
როგორც რუსული მხარე აცხადებს, 15 ოქტომბერს ჟენევაში კავკასიაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
|