Главная » 2008»სექტემბერი»10 » ნინო ბურჯანაძე: "რუსეთის ხელისუფლების რეალურ მიზანს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა"
ნინო ბურჯანაძე: "რუსეთის ხელისუფლების რეალურ მიზანს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა"
21:40
"ფონდის დემოკრატიული განვითარებისთვის" თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების რეალურ მიზანს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. "რუსეთს მიზნად ჰქონდა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დაემყარებინა კონტროლი, რადგან საქართველო ენერგომატარებლების დასავლეთისთვის მიწოდებისათვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა", - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ "ფაინეშნლ თაიმსთან" ინტერვიუში. პარლამენტის ყოფილი სპიკერის განცხადებით, მას ხელთ უტყუარი მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ რუსული არმია თბილისამდე მისვლას აპირებდა და "მოსკოვის შეჩერება მხოლოდ ევროკავშირის ჩარევამ შეძლო". "რუსეთმა რუსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების ბოლომდე განადგურებას მიაღწია, ახლა კი აიძულებს დასავლეთს, ისაუბროს არა კონფლიქტურ რეგიონებზე, არამედ სულ სხვა თემებზე" - აცხადებს პოლიტიკოსი და დასძენს, რომ "დასავლეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ერთსულოვანი და პრინციპული უნდა იყოს". აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე ამერიკულ-ევროპული ვიზიტის შემდეგ საქართველოში დღეს დაბრუნდა. ყოფილი სპიკერი ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.