8 სექტემბერს, ევროკავშირის ინიციატივით, ქართულ და რუსულ მხარეებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, განისაზღვრა სარკოზის "6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების პირველ ეტაპზე განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები.
საქართველო გამოხატავს მადლიერებას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირისა და მისი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის საჯარისო შენაერთებმა 15 სექტემბრამდე უნდა დატოვონ ქალაქები ფოთი, სენაკი და მათი მიმდებარე ტერიტორიები; 2008 წლის 10 ოქტომბრამდე არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ უნდა დარჩეს საქართველოში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარდა.
ევროკავშირის ინიციატივით გამართულ მოლაპარაკებებზე განისაზღვრა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების არეალი მთელი საქართველო, პირველ ეტაპზე კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორია, ხოლო შემდგომ, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც. საერთაშორისო დამკვირვებლები იმოქმედებენ გაეროს, ეუთოსა და ევროკაშირის ეგიდით. პირველ ეტაპზე განლაგდება სულ მცირე 200 დამკვირვებელი ევროკავშირის ეგიდით, რომელთა რიცხვი, ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მომავალში გაიზრდება. ასევე განიხილება ეუთოს ეგიდით დამატებით 80 დამკვირვებლის განლაგების შესაძლებლობა. საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა.
ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საერთაშორისო მექანიზმების შესამუშავებლად, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება იძულებით ადგილნაცვალ პირთა (1992 წლიდან დღემდე) უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.
საქართველო იმედოვნებს, რომ რუსეთი ამჯერად მაინც შეასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.
2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც განიხილება შესაბამის საკითხებთან დაკავშირებული ფართო სპექტრი.
სავარუდოდ 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების უმაღლესი წარმომადგენლები
|