”მედვედევი-სარკოზის” 8 სექტემბრის დოკუმენტთან დაკავშირებით ორი არსებითი კითხვა ისმის: რას გვიქადის ჩვენთვის უცნობი “იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე”, რომელსაც სააკაშვილმა მოაწერა ხელი და მეორე: 8 სექტემბრის გეგმა 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი გეგმიდან უკან დახევა ხომ არ არის?
გავკადნიერდები და დოკუმენტის უნახავად დავასკვნი, რომ “იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე” ისეთი დოკუმენტი იქნება, რომელიც აფხაზეთისა და ოსეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რუსეთს ძალის გამოყენების მანდატს დაუკანონებს. რაც უფრო არ გამომზეურდება აღნიშნული დოკუმენტი, მით მეტი ეჭვები გაჩნდება.
რაც შეეხება მეორე საკითხს:
8 სექტემბრის გეგმა 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი გეგმიდან უკან დახევაა ყველაზე პრინციპულ მე-5 პუნქტიდან. 12 აგვისტოს გეგმით რუსის ჯარები 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას, ხოლო აფხაზეთში და “სამხრეთ ოსეთში” მხოლოდ სამშვიდობოების დატოვებას გულისხმობდა.
8 სექტემბრის გეგმით, კი საუბარია მხოლოდ ბუფერული ზონებიდან რუსის ჯარის გაყვანაზე. ზოგი შეეცდება იმის მტკიცებას, რომ 8 სექტემბრის დოკუმენტი მხოლოდ პირველი ეტაპია 12 აგვისტოს გეგმის განხორციელების გზაზე. მეც ძალიან მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნული ჩვენი სურვილი აშკარად არ იკითხება 8 სექტემბრის დოკუმენტში.
8 სექტემბრის დოკუმენტი იურიდიულად იმდაგვარად არის შედგენილი, რომ არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს რუსის ჯარების გაყვანის საკითხი კიდევ განვავითაროთ 12 აგვისტოს დოკუმენტის მე-5-ე პუნქტზე მითითებით. 8 სექტემბრის დოკუმენტი წარმოადგენს 12 აგვისტოს დოკუმენტის სრულ განმარტებას და შესაბამისად, აღარ რჩება რუსეთისთვის მოთხოვნის უფლება.
ნუ ვკონცენტრირდებით იმაზე თუ რას იტყვიან პრესკონფერენციებზე, ყურადღება მივაქციოთ ოფიციალურ დოკუმენტებს. 8 სექტემბრის დოკუმენტმა ჩვენ დაგვაკარგვინა 12 აგვისტოს დოკუმენტით მიღებული ის ერთადერთი იმედიც, რომელიც რუსის ჯარების გაყვანას ეხებოდა საქართველოს მთელი ტერიტორიებიდან.
თუ ვინმე იტყვის, რომ ამ ეტაპზე მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო, ჩემის მხრივ შემიძლია ვუპასუხო: 12 აგვისტოს ხომ გახდა შესაძლებელი მე-5 პუნქტზე რუსების დაყოლიება, მაშინ უფრო რთული სიტუაცია არ იყო ჩვენთვის, ვიდრე 8 სექტებერს?