იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების ინიციატივას მხარს არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ასეთი სახის გაერთიანებას ქვეყნისთვის ჯერ სიკეთე არ მოუტანია და არც მომავალში მოუტანს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, ასეთი სახის გაერთიანებით იქმნება ქვეყანაში კიდევ ერთი მონსტრი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს გაერთიანების სახით და კიდევ უფრო ძლიერდება პრეზიდენტის უფლებები.
”შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანებამ გვაჩვენა, რომ ასეთ გაერთიანებებს ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანია, მით უფრო ? როცა ესეთი უწყება მთლიანად ექვემდებარება პრეზიდენტს. ასევე პრეზიდენტის დაქვემდებარებაში გადადიან უწყებები, რომლებიც გაერთიანების შედეგად იუსტიციის შემადგენლობიდან გამოვლენ, მაგალითად, პენიტენციალური სისტემა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელიც მოქმედი კანონდებლობით, იუსტიციის ფარგლებშია, ცვლილებების მიღების შემდეგ პრეზიდენტს დაექვემდებარება, რაც ჩვენთვის მიუღებელია,” - აცხადებს გია ცაგარეიშვილი და საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი პაკეტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავს.
|