პარიზის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე საბოლოო უარი თქვა.
პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთისგან მან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.
უცხოური სააგენტობის ცნობით, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების გამარჯვებას უწოდებენ ოქრუაშვილის ფრანგი ადვოკატები. “ეს დიდი გამარჯვებაა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ოქრუაშვილზე დევნა მოხდებოდა”, - აღნიშნა ადვოკატმა ლუი-მარი დე რუმ.
თავად ოქრუაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს, საქართველოს ახლანდელი რეჟიმი კი უპასუხისმგებლოა.
“საქართველოში იუსტიცია იქცა რეპრესიების მანქანის ნაწილად”, - დასძინა ოქრუაშვილმა.
როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მზად არის, გააგრძელოს ბრძოლა, რათა საქართველო უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან გაათავისუფლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 28 მარტს ოქრუაშვილს დაუსწრებლად თავისუფლების 11 წელით აღკვეთა მიუსაჯა.
ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხზე “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ბესელიამ განაცხადა, პარიზის სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე, რაც ადასტურებს მათი პოზიციის სიმართლეს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულში ამხელს.
მისივე თქმით, სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ ოქრუაშვილის გადმოცემა მომხდარიყო. მათ დაიქირავეს ძვირადღირებული და ცნობილი ადვოკატი, თუმცა მიუხედავად ამისა მათი მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდა.
“პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივია და არ არსებობს გარანტია, განხორციელდეს საქართველოში სამართლიანი სასამართლო. ეს გადაწყვეტილება ჩვენი პოზიციების მართებულობის აღიარება და სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების მხილებაა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, ოქრუაშვილს აქამდე დაწესებული შეზღუდვები მოეხსნა, მას შეუძლია გადაადგილება ყველა ქვეყანაში, გარდა საქართველოსი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში ვერ ჩამოვა. მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, მასზე საფრანგეთის კანონმდებლობა ვრცელდება და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია საფრანგეთის მთავრობა.
“ირაკლი ოქრუაშვილი ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. იგი აქტიურად ითანამშრომლებს მედიასთან”,-აღნისნა ადვოკატმა.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, ცხინვალში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა დადგეს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.
|