დღეს სააგენტო “რია ნოვოსტი”-მ გაავრცელა ედუარდ კოკოითის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.
“ჩვენ შევალთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და არ ვაპირებთ დამოუკიდებელი ოსეთის შექმნას. სამხრეთ ოსეთი აპირებს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას”, - აღნიშნა კოკოითმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის წარმომადგენლებთან საუბარში.
მისივე თქმით, დასავლეთი დახმარებას დამოუკიდებელი ოსეთის შექმნის შემთხვევაში დაგვპირდა, რომელიც სამხრეთ და რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ ოსეთისგან იქნებოდა შემდგარი.
“ჩვენ დასავლელი ექსპერტები და პოლიტოლოგები გვთავაზობდნენ, რომ დაგვეყოლიებინა ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. ჩვენ უფრო ადრე დაგვპირდნენ დამოუკიდებლობას, ვიდრე - კოსოვოს”, -აღნიშნა კოკოითმა.
ამასთან, ედუარდ კოკოითმა არ უპასუხა უცხოელი ჟურნალისტს შეკითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მან განაცხდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთისთვის ყველაზე მთავარია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.
“ეს არის უფრო ჰუმანიტარული, ვიდრე პოლიტიკური პრობლემა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება ერთადერთი შესაძლებლობაა ეთნოსის შენარჩუნები. ვიქნები ძალიან ბედნიერი თუ ჩვენ ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაში”, -აღნიშნა კოკოითმა.
მოგვიანებით კი, სააგენტო “ინტერფაქსმა” კოკოითის სრულიად განსხვავებული სურვილი გააჟღერა: რესპუბლიკა არ აპირებს რუსეთის შემადგენლონაში შესვლას და დამოუკიდებელი დარჩება.
როგორც სააგენტო წერს, ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება თავად კოკოითის, ასევე ოსი ჩინოვნიკებისა და პარლამენტარების მიერ გაკეთებულ ადრინდელ განცხადებას, რომ სამხრეთ ოსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში შევა რუსეთის შემადგენლობაში.
“ინტერფაქსის” ცნობით კი, კოკოითი ამტკიცებს, რომ “მას არასწორად გაუგეს და სამხრეთ ოსეთი არ იტყვის უარს დამოუკიდებლობაზე”.
როგორც ჩანს, კოკოითი პოლიტიკურად მისთვის სახარბიელო სიტუაციას ჯერ კიდევ ეძებს და სანამ ის საბოლოოდ ჩამოყალიბდება, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს. სერგეი ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი დსთ-სა და რუსეთი-ბელორუსის კავშირში შესვლაზე განაცხადის შეტანას აპირებს.
“ვფიქრობ, რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შესაბამის განაცხადს გავაკეთებთ. თუ მოხდება დსთ-ის გაფართოება, ჩვენ მზად ვართ, მასში მონაწილეობა მივიღოთ, თუმცა, ამას ისინი გადაწყვეტენ, ვინც ამჟამად გაერთიანების წევრია”, - განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ან რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებული სტატუსის მიღებას.
“დღეს საკითხი ამგვარად არ დგას”, - განაცხადა ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ სოხუმი განაგრძობს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
|