გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი თანაგუნდფელების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აგვისტოს მოვლენების შეფასების მოთხოვნაც იქნება წამოყენებული.
”პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელშიც ეს მოთხოვნაც ფიგურირებს. ამასთან, ხაზგასმულია ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების აუცილებლობა და ჩამოყალიბებულია რიგი პოლიტიკური მოთხოვნები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, იმ პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც პროექტში შევა, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, რადგან არსებობს განსხვავებული პოზიციები და ალტერნატიული წინადადებები.
”ჩვენ გვსურს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეს პოზიციები შევაჯეროთ. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ დოკუმენტს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა შეუერთდნენ”, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ არასამთავრობოებთან კონსულტაციები გუშინ დაიწყო.
|