ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარებას მიუღებლად მიიჩნევს.
როგორც ნატოს გენმდივანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა რუსი სამხედრო მედვედევ-სარკოზის გეგმის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან იმ ადგილს უნდა დაუბრუნდეს, სადაც ისინი 7 აგვისტომდე იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, შეთანხმებას, რომელსაც ხელი აგვისტოს დასაწყისში მოეწერა, ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია.
ამასთან, ნატოს გენმდივნის განცხადებით, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, არსებობდა სამშვიდობო მანდატი და ამ რეგიონების მომავალ მოწყობასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო დისკუსიები, თუმცა ამ ყველაფრის ნაცვლად, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა მათი დამუკიდებლობა, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია.