რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ამერიკული ჰამერები შესაძლოა, კუბინკის მუზეუმში გამოიფინოს.
რუსი სამხედროების მიერ აგვისტოში ფოთიდან გატაცებული ამერიკული ჰამერები შესაძლოა, კუბინკაში (მოსკოვის შემოგარენი), ჯავშანტექნიკის მუზეუმში გამოიფინოს.
ამის შესახებ ჟურანლისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური მუზეუმის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნიკონოვმა განუცხადა.
თუ მათი ჩვენს მუზეუმში გამოფენის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, მივიღებთ. ჩვენ გვაქვს სპეციალური მუზეუმი, სადაც მსგავსი ტექნიკის გამოფენა ხდება. თუ ჰამერების მუზეუმისთვის გადაცემა გადაწყდება, მას სწორედ ამ მუზეუმს გადასცემენ, - განაცხადა ნიკონოვმა.
რუსმა სამხედროებმა ამერიკული ჰამერები ფოთიდან 18 აგვისტოს გაიტაცეს. აშშ-მა მაშინვე მოითხოვა რუსული მხარისგან ჰამერების დაბრუნება, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული მხარის მოთხოვნას უარით უპასუხა. ამჟამად ჰამერები კუბინკის მუზეუმის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც მათ შიგთავსს სპეციალისტები სწავლობენ.
|