რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პოლიტიკის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ”ოფიციალური კიევის პოლიტიკა ორმხრივი ურთიერთობის გაუარესებასა და რუსეთის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”
”იძულებული ვართ, განვაცხადოთ, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. კიევის მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს. ჩვენ ვერ გავიგონეთ სინანულისა და თანაგრძნობის სიტყვები ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვის გამო. უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ ცდილობდა, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა რუსეთისთვის დაეკისრებინა”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, სამინისტრო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ”კიევში დღეს არ საუბრობენ იმ ფაქტზე, რომ მძიმე შეიარაღებით ქართული არმიის მომარაგების გამო დაღვრილ სისხლზე ნაწილობრივ უკრაინაცაა პასუხისმგებელი”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, “ოფიციალური კიევის მიერ გატარებული კურსი, რომელიც ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებას ისახავს მიზნად, 1997 წლის შეთანხმების სულისკვეთებას და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
”თანაც ეს უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ კეთდება. შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ამ საკითხის საყოველთაო რეფერენდუმზე გატანა არ სურს”, - აღნიშნავს ლავროვის უწყება.
|