Главная » 2008»სექტემბერი»14 » 19 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული აქცია "კიდევაც დაიზრდებიან" გაიმართება
19 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული აქცია "კიდევაც დაიზრდებიან" გაიმართება
01:36
19 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული პროექტი "კიდევაც დაიზრდებიან" განხორციელდება. როგორც "პირველს" პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, აქცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება და მასში ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აქციაზე მოდების ჩვენება გაიმართება, რომელშიც როგორც სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" მოდელები, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ორსული ქალბატონებიც მიიღებენ მონაწილეობას. "ორსულების მონაწილეობით გვინდოდა, ხაზი გაგვესვა იმ ფაქტისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც საქართველოში მოხდა, ცხოვრება გრძელდება და ახალი სიცოცხლეც წარმოიშობა", - აცხადებენ პროექტის ხელმძღვანელები. აქციაზე სპეციალური ყუთიც დაიდგმება, რომლის მეშვეობით დამსწრე საზოგადოებას დევნილთა დახმარების ფონდში თანხის დამატება შეეძლება. გარდა ამისა, მოეწყობა თეატრალიზებული დადგმა, რომელსაც თეატრალური სტუდია "ნაბადი" მოაწყობს. ამასთან, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბალერინა თათა ჯაშიაშვილი ქართველ საზოგადოებას ახალ დადგმას შესთავაზებს. აქციას სიმბოლურად სამი ეროვნების წამყვანი ეყოლება: ქართველი, ოსი და აფხაზი. აქცია 19 სექტემბერს, 20:00 საათზე ბამბის რიგში გაიმართება.