ხვალ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა იხსნება
19:34
ხვალ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა იხსნება. ნატოს დელეგაცია, ნატო-ს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხელმძღვანელობით თბილისს ხვალ დილით ეწვევა, დაგეგმილი ორდღიანი ღონისძიება კი (15-16 სექტემბერი) სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღის მეორე ნახევარში დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მიიღებენ. 16 სექტემბერს კი იაპ დე ჰოოპ სხეფერი საქართველოს პარლამენტს ესტუმრება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში იგეგმება საქართველო-ნატოს კომისიის ჩამოყალიბება და მისი ოფიცილურად გაფორმება, რომლის შექმნაც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიუსელის ნატოს სამიტზე გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა სექტემბრის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო იგი რამდენიმე დღით გადაიდო.