“გამარჯობათ, თქვენ მოხვდით კომპანია “მულტიპლექს სოლიუშენის” საქართველოს ოფისში...” – ეს ავტომოპასუხე, ტელეფონის ნომერზე - 507 111 ასეთნაირად, დაახლოებით გასული წლის ნოემბრიდან პასუხობს. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ “ინტერესთა გამოხატვის” შედეგები შეაჯამა და შეზღუდული პასუხისმგებლობების საზოგადოებები - “საქწყალკანალის” და ”თბილისის წყლის” 100%-იანი სახელმწიფო წილი შპს ”მულტიპლექს სოლიუშენს” გადასცა.
პრეზენტაცია, სასწრაფოდ! ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შედეგების გამოცხადების შემდეგ პრესის წარმომადგენლები ”თბილისი მერიოტში” გადაიპატიჟა. ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული კომპანია პრეზენტაციას გამართავდა. ქართული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ფაქტს თვალყურს რუსული ტელევიზიებიც აშუქებდნენ. ქართულ მხარეს ვინმე ანდრო ბასილაია წარმოადგენდა, რომელმაც უხერხულ შეკითხვებს თავი ვეღარ აარიდა და საბოლოოდ ასეთი სახის განცხადება გააკეთა:
- ჩვენ ამ სფეროში, გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ არ გვეშინია. ჩემს გვერდით ჩვენი ფინანსური პარტნიორი ზის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ სიტუაცია მართვადი გახდეს... ესეც, პრეზენტაცია, ისეთი მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება რომ... ერთ ორ კვირაში იქნება ჩვენი პროგრამის დიდი პრეზენტაცია და ყველაფერს იქ გეტყვით...
კომპანია როდის დაარსდა და რა ბიზნეს გამოცდილება გაქვთ? - კომპანია დაახლოებით სამი წლის წინ, თუ ორი?! 2005 წელს დაარსდა და სხვადასხვა სახის ბიზნეს პროექტებში ვიღებდით მონაწილეობას...
უკაცრავად, იქნებ დაასახელოთ ის ბიზნეს პროექტები სადაც კომპანია ”მულტიპლექს სოლიუშენს” მონაწილეობა მიუღია? - ...
უხერხულობისგან თავად შემრცხვა. გაოცებული ჟურნალისტები ერთმანეთს უყურებდნენ. მართალია, ბოლო შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ანდრო ბასილაიამ სამომავლო ინვესტიციებზე ყოვეგვარი კითხვის დასმის გარეშეE დაიწყო საუბარი და განაცხადა, რომ ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ინვესტიციის სახით “მულტიპლექსი” 350 მილიონს დააბანდებდა, გაუგებრობა იყო და რომ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია (თუმცა თბილისის მერიის საიტზე ჯიუტად, კვლავ 350 მილიონი მილიონი წერია).
ინტერესთა გამოხატვა მამუკა ახვლედიანის თქმით, ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ საპრივატიზაციო ობიექტის შეძენის ინტერესი 10-მა კომპანიამ გამოხატა. წარმოდგენილი კომპანიებიდან ინტერესთა გამოხატვის მეორე ეტაპზე მხოლოდ 6 კომპანია დარჩა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და დედაქალაქის მერიაში არსებული ექპერტთა ჯგუფი, მყიდველი კომპანიის შესარჩევად შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა: წყლის დაბალი ტარიფის შენარჩუნება, კომპანიის გასაყიდი მაღალი ფასი და დიდი საინვესტიციო თანხა.
ზემოთჩამოთვლილი კომპანიებიდან ყველაზე მაღალი გასაყიდი თანხა ესპანურმა კომპანია “აკუალიამ” დაასახელა – 107 მილიონი ლარი, თუმცა როგორც ქართული მხარე განმარტავს, კომპანია წყლის დაბალი ტარიფის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, უპირატესობა ნაკლებად ცნობილ კომპანიას (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - საერთოდ უცნობ კომპანიას) მიენიჭა.
მაშ ასე - ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა. გადახდილია დაახლოებით 90 მილიონი ამერიკული დოლარი და ცნობილია, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ინვესტიციის სახით სულ მცირე 200 მილიონი კიდევ ჩაიდება და რომ ამ ყველაფერს შვეიცარიული კომპანია “მულტიპლექს სოლიუშენი” ითავებს. ამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებული კომპანია საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ინტერნეტში აღნიშნულ კომპანიაზე ვერაფერს ვერ ნახავთ.
კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების დღიდან დღემდე “მულტიპლექს სოლიუშენის”, როგორც შვეიცარიული კომპანიის სათაო ოფისსა და ვებ-გვერდს, ვერსად მივაგენით, რაც საეჭვოს ხდიდა როგორც კომპანიის ევროპულ წარმომავლობას, ისე - ხელისუფლების მხრიდან სტრეტეგიული ობიექტის კანონიერი გასხვისების ფაქტს. მალევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კომპანიის ნამდვილ წარმომავლობაზე გააკეთეს მინიშნება. მათი განცხადებით, ეს იმ ქვეყნის კომპანია იყო, რომლის თვითმფრინავებიც სამი დღის განმავლობაში დაუნდობლად გვბომბავდნენ.
ადამიანი, რომელთანაც ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ ის ერთ-ერთი იმათგანია ვინც ესპანურ კომპანიისთვის ”ინტერსეთა გამოხატვაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ხელისუფლებისთვის წარსადგენ ფინანსურ შეთავაზებას ამზადებდა.
“ვერც სამინისტროსა და ვერც მერიის წარმომადგენლები ვერ დამისახელებენ ვერც ერთ ბიზნეს-პროექტს, სადაც მათ მონაწილეობა მიუღიათ. აღარაფერს ვამბობ მათი გამოცდილების შესახებ “წყალში”, გაგებაში არ არიან.
ჩემი ინფორმაციით, ისინი ვარაუდობენ, რომ შემოიყვანენ რომელიმე გამოცდილ კომპანიას მართვაში და ამით გაართმევენ თავს შექმნილ სიტუაციას... მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ეს არ არის შვეიცარიული კომპანია, და რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ინტერესთა გამოხატვაზე წინადადება ამ სახელწოდების კომპანიას არ შეუტანია.
ასევე, ჩემი ინფორმაციით, ვიცი, რომ ამ კომპანიის უკან რუსული კაპიტალია, კერძოდ, ეს არის “რაო-ესი”... დიუ დილიჯენსზე რომ ჩამოვიდნენ მათი წარმომადგენლები თბილისის წყალში, კომპანიის თანამშრომლებმა იცნეს ის ქართველები და უთხრეს, რომ თქვენ “რაო-ესის” წარმომადგენლები არ ხართო? მაშინვე დაუტოვებიათ კომპანიის ტერიტორია, თუმცა მერე მაინც ჩაატარეს დიუ ლიჯენსი (ამა თუ იმ საპრივატიზაციო კომპანიის მატერიალურ-ფიანასური აღწერა). ძალიან მარტივია, ვის ხელშიც იქნება დენი, იმის ხელშია წყალიც... გააძვირებენ დენს და გააძვირებენ წყალსაც”.
უცნობებს გარანტია მხოლოდ ”სილქ როუდმა” მისცა გამარჯვებული კომპანიის ბიზნეს-წარსულისა და სხვადსხვა დეტალების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ეკონომიკის გნვითარების სამინისტროს მივმართეთ... მართალია, ყველა ნორმისა და ვადის დარღვევით, მაგრამ პასუხი სამინისტროსგან მაინც მივიღეთ. არასრული, მაგრამ მაინც... რა თქმა უნდა, კომპანიის ბიზნეს წარსულის შესახებ სამინისტრომ არაფერი მოგვწერა. სამაგიეროდ, სამინისტროსადმი წარდგენილ ფინანსური გარანტიის ფურცლიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა:
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ინტერესთა გამოხატვაზე წინადადებით შევიდა არა შვეიცარიული კომპანია “მულტიპლექს სოლიუშენი”, როგორც ამას ბატონი კახა დამენია გვიმტკიცებდა, არამედ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ტორტოლაზე რეგისტრირებული კომპანია სახელწოდებით “მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედ-ი“.
- რატომღაც ამ ევროპულ და მრავალგზის გამოცდილ კომპანიას საქართველოში საბანკო გარანტია არცერთმა უცხოურმა ბანკმა არ მისცა და “სილკ როუდ ბანკი” იყო ის ერთადერთი ბანკი, რომელმაც საგარანტიო წერილი 5 მილიონზე დაუწერა.
რაში დასჭირდა ეკონომიკის სამინისტროს, ან თავად კომპანიას იმის დამალვა, რომ ინტერესთა გამოხატვაზე წინადადება არა შვეიცარულმა კომპანია ”მულტიპლექს სოლიუშენმა”, არამედ “მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედ” ლტდ-მ გაიმარჯვა? რატომ იცრუა მინისტრის მოადგილემ კამერების წინ? არის თუ არა ეს დაინტერესებული პირებისთვის, ჟურნალისტებისთვისა თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის კვალის არევისა და თვალებში ნაცრეს შეყრის მცდელობა?
დაიკარგა ოფისი შვეიცარიაში, მპოვნელი დასაჩუქრდება! - “გამარჯობათ თქვენ მოხვდით კომპანია მულტიპლექს სოლიუშენის საქართველოს წარმომადგენლობაში... ჯიუტად მპასუხობს ერეკლეს ქუჩაზე, ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ოფისის ტელეფონი.
მას შემდეგ, რაც ავტომოპასუხემ შეგიქმნათ განწყობა, და ნაწილობრივ შეეცადა დაეჯერებინა თქვენთვის, რომ ეს უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა საქართველოში, ტელეფონს ადამიანი იღებს. მისი სახელი და გვარია აურიკა კროიტორი. ვეუბნები სახელსა და გვარს, არ ვმალავ არც პროფესიას და არც სამუშაო ადგილს. რატომღაც, ჩემს გულახდილობას ქალბატონმა აურიკამ წიხლი კრა და კომპანიის შესახებ თუ რამე იცოდა ყველაფერი დაივიწყა. ერთადერთი, რაც გამიმხილა, ანდრო ბასილაის მოხსნა და ვინმე დავით წერეთლის დანიშვნა იყო. აგრეთვე ის, რომ კომპანიის დირექტორია ვინმე ბიტ სპოიერი. მოგვიანებით, შეთანხმებისამებრ, დაახლოებით 20 კითხვა ინტერნეტის საშუალებით აურიკა კროიტორს გადავუგზავნე, პასუხებს დღემდე ველით.
ვადასტურებთ, რომ ამ სახელისა და გვარის ადამიანი, როგორიცაა ბიტ სპოერი საქმეში მართლაც ფიგურირებს. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტები ეს ადამიანი კომპანია მულტიპლექს “სოლიუშენის” წარმომადგენელია, თუმცა ის იმავდროულად კიდევ 60-მდე კომპანიიაში ფიგურირებს. მერე რა? მერე ის, რომ ბიტ სპოერი ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის წარმომადგენელია შვეიცარიაში, მისამართზე - რუ ჩარლს ბონნეტ 4, ჟენევაში. ამ კომპანიის ერთ-ერთი სერვისი კი კომპანიებისა და ფირმების რეგისტრაციაა და მეტი არაფერი.
მრავალთვიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კომპანიის შვეიცარიულობის ერთადერთი დამადასტურებელი ფაქტი თუ ბიტ სპოერია, მაშინ მე მაქვს უფლება მქონდეს “მაღალი ხარისხის ჟურნალისტური ეჭვი”, არ ვენდო კომპანიის ვითომ საქართველოს წარმომადგენლობას. ასე რომ, ბიტ სპოერი შეიძლება “მულტიპლექს სოლიუშენის” ისეთივე დირექტორი იყოს, როგორც სხვა დანარჩენი 60-მდე კომპანიის, რომლის ჩამონათვალსაც, თუ სურვილი ექნებათ შვეიცარიულ კომპანიაში აუცილებლად გადავუგზავნი.
“თელასის”, ანუ “ინტერ-რაოს” კადრები “მულტიპლექს-სოლიუშენში” გასხვისებიდან უახლოეს რამდენიმე კვირაში “თბილისის წყალში ” ძალიან საინტერესო ისტორიული წარსულის მქონე ადამიანები გამოჩნდნენ. თუმცა, მანამადე, ნინო ასათიანის, შპს “თბილისის წყლის” PR მენეჯერის კომენტარი:
“ძალიან მწყინს, როდესაც საუბრობენ, რომ ”თბილისის წყლის” უკან თითქოს რუსული კაპიტალია და რუსები დგანან. მე ამ კომპანიაში რუსი არავინ მინახავს. მე სამსახურში პირადად ორმა ინგლისელმა მიმიღო. გენ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი უკრაინელი - იური ლესია, რომელიც ხშირად მთხოვს, რომ დოკუმენტაცია ინგლისურად შევუდგინო. ის ბოლოს უკრაინაში ერთ-ერთ წყალგამანაწილებელ კომპანიაში მუშაობდა”.
მაშ, ასე გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაცის იმ ადამიანების შესახებ რომლებიც სამუშაოდ ”მულტიპლექს სოლიუშენში” გადავიდნენ:
იური ლესი. წარმოშობით უკრაინელი. ის ბოლოს უკრაინაში კი არა, მოლდავეთში “ინტერ-რაოს” ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენელი იყო სადაც მისი კომპანია თბოელექტროსადგურს ფლობდა, სავიზიტო ბარათი, რომელიც მან ინტერესთა გამოხატვის პერიოდში თბილისის წყალში დატოვა, მოწმობს მის კავშირს “რაო-ესთან” და მის შვილობილ “ინტერ-რაოსთან”.
ალექსეი სერებრიაკოვი. ჯერ-ჯერობით არ დასტურდება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანიც ”თბილისის წყალშია”, თუმცა დადასტურებულია მისი საქმიანობა “რაოში”, სადაც მისი კომპანია ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (შეგიძლიათ იხილოთ რუმინეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტის სტეფან კანდეას გამოძიება).
მარიკა ჯაფარიძე, ”თელასის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კომპანია “თელასი” “ინტერ-რაოს” მფლობელობაშია.
ბესიკ ვაშაკაშვილი, ”თელასის” გენერალური დირექტორის იური პიმონოვის მრჩეველი.
როგორც პრესა.გე-ს აცნობეს, ორჯერ კომპანიაში იური ლესთან ”საქწყალკანალის” ყოფილი უფროსი იუზა ცარციძეც კი გამოჩნდა. ჩვენი რამდენიმეთვიანი გამოძიება დროებით აქ დასრულდება, თუმცა ინფორმაციის მოპოვება კვლავ გრძელდება. როგორც მუშაობის პროცესში გაირკვა, სქემა შეიძლება ძალიან ჩახლართული და ბურუსით მოცული იყოს. სწორედ ამიტომ დახმარება ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვთხოვეთ რომლებიც კომპანიების წარმომავლობასა და წარმოშობის დადგენაში დაგვეხმარებიან.
”პრესა.გე” უახლოეს მომავლაში შეეცდება მოგაწოდოთ ინფორმაცია ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიის შესახებ რომელიც ”მულტიპლექს სოლიუშენის უკან დგას”.
|