საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრ ნიკა გვარამიას ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
როგორც სუბარის აპარატში მიიჩნევენ, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ რამიშვილის გათავისუფლებაზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თქვა.
“რამიშვილმა სასჯელის სამ მეოთხედზე მეტი უკვე მოიხადა და ამ ხნის განმავლობაში მას დისციპლინური დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ ჰქონია, რაც იმის საბაბს ქმნის, რომ რამიშვილის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომა - პირობით ვადამდე გათავისუფლება იქნას გამოყენებული” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ამასთან, სუბარის აზრით, “რამიშვილის მიერ მომზადებული ტელეპროგრამები ძველი სტერეოტიპების მსხვრევისა და თავისუფალი აზროვნების დამკვიდრებას უწყობდა ხელს”.
ამასთან, “სახალხო დამცველი ღრმად არის დარწმუნებული, რომ კანონის წინაშე ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად მისი დამსახურებისა”.
«შალვა რამიშვილის პატიმრობაში ყოფნის დროისა და ამ პერიოდში მისი ქცევის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ქვეყნისთვის რამიშვილის თავისუფლებაში ყოფნა ბევრად უფრო სასიკეთო იქნება, ვიდრე მისი იზოლაცია», - აღნიშნავს სუბარი.
|