სერგეი ლავროვი უკვე ცხინვალში იმყოფება.
დაგეგმილია ედუარდ კოკოითისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
სეპარატისტთა ლიდერი და რუსი დიპლომატი ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ. აფხაზეთიდან ცხინვალში ჩამოსულმა სერგეი ლავროვმა ოს სეპარატისტებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა კრემლის მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას. მისივე თქმით, უკვე მზად არის ჩარჩო-ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მეგობრობის შესახებ. ასევე მზად არის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებაც. ედუარდ კოკოითმა სერგეი ლავროვს დიდი მადლობა გადაუხადა. სეპარატისტთა ლიდერის განცხადებით, ის, რომ ოსი ხალხი გადარჩა, მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა.
ვლადიკავკაზიდან ცხინვალისაკენ სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაცია მიკროავტობუსებით გაემგზავრა.
დელეგაციის წარმომადგენლები მცირე ხნით შეჩერდნენ რუსეთ- საქართველოს საზღვარზე, სადაც ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღმნიშვნელი ბანერი დგას.
რუსულ-ოსურმა დელეგაციის წევრებმა ფოტოებიც კი გადაიღეს. სამაგიეროდ მიკროავტობუსებმა გაუჩერებლად გაიარეს საქართველოს ტერიტორიის ის სოფლები ცხინვალამდე, რომელიც რუსი სამხედროებისა და სეპარატისტების ცეცხლს შეეწირა. კადრებში ნათლად ჩანს თუ რა მდგომარეობაშია გაუდაბნოებული სოფლები.
|