დამკვირვებელთა მისიის საქართველოში ერთი წლით განლაგება ევროკავშირს 31 მლნ ევრო დაუჯდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინება.
მისივე ინფორმაციით, მისიის შემადგენლობაში ევროკავშირის 20 ქვეყნის დელაგაცია შევა, თუმცა მის ძირითად შემადგენლობას საფრანგეთი, იტალია და გერმანია ჩამოაყალიბებენ.
მისიას სათავეში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ფრანგი პიერ მორელი ჩაუდგება.
- ”დამკვირვებლები საქართველოში და ბუფერულ ზონებში 1 ოქტომბრიდან შეუდგებიან მუშაობას. რაც შეეხება დამკვირვებელთა რაოდენობას, ის ამ ეტაპზე 200-ს არ გადააჭარბებს”, - აცხადებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი.
საქართველოში დამკვირვებელთა მისიის ამოცანა მედვედევი-სარკოზის გეგმის შესრულებაზე კონტროლი და სამოქალაქო წესრიგის დამყარებაში თანამშრომლობა იქნება.
მისიის შემადგენლობაში შევლენ პოლიციელები, სამხედრო პირები და სამართალდამცველი ექსპერტები.
მარტო საფრანგეთის მხრიდან მისიაში 70-მდე პოლიციელი მიიღებს მონაწილეობას. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, მისიის პერსონალის ნაწილი შეიარაღებული იქნება.
|