თბილისში გრძელდება ნატო-ს უმაღლესი დელეგაციის ვიზიტი. ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ალიანსის გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ ნატო-ში აკრედიტებული ელჩები ეწვევიან. გუშინ თბილისში ნაც-ის საბჭომ სხდომა გამართა.
სხდომის გახსნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს დელეგაციას საქართველოში სტუმრობისათვის და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. სააკაშვილის განცხადებით, უკვე აღარავის ეჭვს იწვევს ის ფაქტი, თუ ვინ იყო ცხინვალში ომის დაწყების ინიციატორი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული იყო 40 000-მდე რუსი ოკუპანტი, რომლებიც ქვეყნის 10 რეგიონში აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს. რუსული აგრესიის შედეგად ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 500 ადამიანი და საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოუხდა 200 000 -მდე პირს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად არაერთი რეფორმა ხორციელდება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა პარლამენტს ინიციატივით, განხორციელდეს რეფორმა სასამართლო სისტემაში.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს აღმოჩენილი დახმარებისათვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არა დასავლეთი, საქართველოს ტერიტორიაზე დატრიალებული ტრაგედია უფრო ფართომასშტაბიანი იქნებოდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს შეხვედრის დაწყების წინ მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერიც წარსდგა. სხეფერმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე და ოფიციალურ მოსკოვს 6 პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულებისაკენ მოუწოდა. სხეფერის განცხადებით, რუსეთმა კონფლიქტის ზონაში არაპროპორციული ძალა გამოიყენა. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის გააქტიურება გამოიწვია, რაც ორივე მხარისათვის მომგებიანი აღმოჩნდა. სხეფერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
სხდომაზე განიხილება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები, რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება და საქართველოში გასატარებელი რეფორმების საკითხები.
სხდომის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან , პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელებთან.
გუშინვე ნატო-საქართველოს კომისია შეიქმნა რომელსაც ხელი ვლადიმერ გურგენიძემ და იაპ დე ჰოოპ სხეფერმა მოაწერეს.
საქართველოში ნატო-ს სხდომის ჩატარება არის ისტორიული მოვლენა, - ეს განცხადება გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, შეიქმნა საქართველო-ნატოს კომისია და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისათვის, რომ ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს საქართველოსა და ნატო-ს შორის.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ნატოსთვის მიუღებელია და ნატომ სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა, როდესაც მოუწოდა რუსეთს შეეცვალა ეს გადაწყვეტილება.ნატო თვალყურს მიადევნებს რუსეთის მიერ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას, თუმცა, მისი თქმით, ამ შეთანხმების შესრულების პოლიტიკურ ნაწილში წინა პლანზე მაინც ევროკავშირი დგას. მისი თქმით, ნატო მიესალმება ევროკავშირის აქტიურ ჩარევას საფრანგეთის თავმჯდომარეობით,-ეს განცხადებები დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ გურგენიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რაც შეეხება საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში, დღეს საუბარია საქართველოდან პოლიტიკურად უფრო მაღალ დონეზე თანამშრომლობის შესახებ და როგორც სხეფერმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იგი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ პროგრესი ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული იქნება.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას, სხეფერის განცხადებით, მიუხედავად არსებული კრიზისისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების კურსი და მიუხედავად არსებული კრიზისისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს იმართება, რაც ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს. მისი თქმით, დეკემბერში საგარეო საქმეთა მისტრების შეხვედრაზე გაკეთდება პირველი შეფასება, მზად არის თუ არა საქართველო ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომისიის შექმნა ბრიუსელში გადაწყდა, სადაც საქართველო-რუსეთის ომის დროს განვითარებული მოვლენების გამო სპეციალური სახდომა გაიმართა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომდგენლები დღეს საქართველოს პარლამენტს ეწვევიან, სადაც გაიმართება იაპ დე ჰოოპ სხეფერისა და დავით ბაქრაძის პირისპირ შეხვედრა.
წინასწარი ინფორმაციით, ასევე იგეგმება ნატო-ს საბჭოს შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
|