პარლამენტში 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა გრძელდება.
მთავრობის მიერ ინიცირებული საბიუჯეტო პროექტი უკვე განიხილა და მხარიც დაუჭირა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტმა. დღესვე ცვლილებებს აგრარულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 255 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში პარამეტრები 7 მილიარდ 200 მილიონი ლარი ხდება. მთავარ საბიუჯეტო პრიორიტეტებს დევნილების დახმარება და რუსეთის ინტერვენციის შედეგად თავდაცვის სფეროში მიყენებული ზარალის აღმოფხვრა წარმოადგენს. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული თანხები შესაბამის უწყებებზე გადანაწილდება.
როგორც ცნობილია, 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც უჭერს.
|