ქართულმა მხარემ რუსულს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დროს ჩამოგდებული “ტუ-22მ3”-ის პილოტების ცხედრები გადასცა
საინფორმაციო სააგენტო “პირველი”. 16 სექტემბერი. თბილისი. ქართულმა მხარემ რუსულს ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დროს ჩამოგდებული “ტუ-22მ3”-ის პილოტების ცხედრები გადასცა.
ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსი” მოზდოკში რუსეთის საჰაერო ბაზის შტაბის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, საქართველომ მათ მხოლოდ ორი დაღუპული პილოტის ცხედარი გადასცა, ეკიპაჟის კაპიტნის ბედი კი ამ დრომდე გაურკვეველია და იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
“დაღუპული პილოტების ცხედრები იდენტიფიკაციის მიზნით მოზდოკიდან როსტოვის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში გადაიგზავნება, სადაც ოფიციალური დასკვნა გაკეთდება”, - განაცხადა წყარომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ჩამოგდებული ბომბდამშენის ეკიპაჟის წევრებს რუსეთი ქართული მხარის დახმარებით ეძებდა.